ჭავჭავაძეზე საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ და გზას ხსნიან

თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. ადგილზე იმყოფება რადიო თავისუფლების ჯგუფი.

პოლიცია თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყებიდან დაახლოებით 35 საათის შემდეგ, 19 ნოემბრის დილის 07:00 საათისთვის გამოჩნდა. ოპოზიციონერ ლიდერებს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ ტერიტორია, რაზეც პოლიტიკოსებმა უარით უპასუხეს.

საპოლიციო ძალების მოქმედების შედეგად აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს. პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირი-ვარაზისხევის საავტომობილო გზა გახსნა.

ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია.

ჭავჭავაძის გამზირზე საპოლიციო ძალების გაგზავნის პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლიანი ბალანსი შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც
მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია"
და, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის
ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის
მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს განცხადებით, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის აღდგენის, ტროტუარებზე
ხალხის სამოძრაო ადგილის გათავისუფლების, კომუნალური სერვისების ნორმალურად
ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად" აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნურად აღმართული
კონსტრუქციებისგან და შეწყვიტონ აქცია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. შსს-ს თანახმად, ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

ასევე ნახეთ მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდება 100 მილიონ ევროზე მეტი - ბორელი საქართველოს დახმარებაზე
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო ბერკეტი? პრეზიდენტის სარჩელმა შესაძლოა შეაფერხოს ახალი პარლამენტის მუშაობა - აგიხსნით, როგორ

აქცია ჭავჭავაძის გამზირზე კი 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

მოქალაქეთა მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართებოდა, „კოალიცია ცვლილებისთვისა“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეჩერდა, გაშალეს კარვები და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. პირველადი გეგმით, პროტესტი 24 საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ვადა 48 საათამდე გახანგრძლივდა.