კრემლი სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე: "გვინდა, რომ ვითარება დარჩეს აბსოლუტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებში"

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "დროშა" და რუსეთის დროშა საპროტესტო აქციაზე სოხუმში. 2024 წლის 15 ნოემბერი

რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სიტუაციის ნორმალიზებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რესპუბლიკაში ვითარების სწრაფ ნორმალიზებას და გვინდა, რომ ეს სიტუაცია დარჩეს აბსოლუტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებში".

ეს არის მოსკოვის პირველი ოფიციალური კომენტარი 15 ნოემბრის შემდეგ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკრიტიკა აფხაზეთის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც, მისი თქმით, „შეუძლებლად მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების მოგვარება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის გზით და გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია.” რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რუსული მხარე, „აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე მოელის, რომ შექმნილი ვითარება მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით“.

იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოუწოდა რუს ტურისტებს, თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან, ხოლო იქ მყოფი რუსები, თუ ეს შესაძლებელია, რუსეთში დაბრუნდნენ.

ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ოპოზიციის მოქმედებას "გადატრიალების მცდელობას" უწოდებს

სოხუმში ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები განაგრძობენ "სამთავრობო შენობების" კომპლექსის კონტროლს. "აფხაზეთის პრეზიდენტის" საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „შეიარაღებული ადამიანები მინისტრთა კაბინეტის თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე არ უშვებენ“. "კულტურის მინისტრის" მოვალეობის შემსრულებელმა დინარა სმირმა აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციული შენობის" შესასვლელი შეიარაღებულ პირებს აქვთ გადაკეტილი და თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე მისვლის საშუალება არ ეძლევათ.

ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გადადგეს "პრეზიდენტის" თანამდებობიდან მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები დატოვებენ სოხუმის "სამთავრობო შენობების" კომპლექსს. თუმცა პასუხად აფხაზური ოპოზიცია მის უპირობო გადადგომას მოითხოვს.

ასევე ნახეთ წუხელ სროლა იყო სოხუმში „სახელმწიფო ტელევიზიის“ მახლობლად

ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი ოპოზიცია თანახმაა, რომ ბჟანიას გადადგომის შემდეგ "პრეზიდენტის" მოვალეობა "ვიცე-პრეზიდენტმა" ბადრა გუნბამ შეასრულოს, "მინისტრთა კაბინეტს" კი აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს. როგორც ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შუამავლების დახმარებით გრძელდება. ტელეგრამ-არხ RESPUBLICA-ს ცნობით, ე.წ. დეპუტატები 18 ნოემბრის დილიდან იკრიბებიან "პარლამენტის" სხდომათა დარბაზში.

„შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ძნელია სათქმელია, რამდენი დეპუტატი მივიდა შეხვედრაზე. საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს დეპუტატების როგორც უსაფრთხოებას, ასევე შეუფერხებელ შესვლას პარლამენტში“, - წერს გამოცემა.

15 ნოემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივ ოპოზიციას ე.წ. სამთავრობო კომპლექსი აქვს დაკავებული და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს.

აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ვარიანტს სთავაზობს:

  • ან „პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი“ დატოვებენ თანამდებობებს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას შეასრულებს „პარლამენტის სპიკერი“ ლაშა აშუბა.
  • ან „პრეზიდენტი, ვიცე-რეზიდენტი და პრემიერი“ გადადგებიან და მანამდე „პრეზიდენტი“ „პრემიერად“ დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობასაც შეასრულებს.
ასევე ნახეთ შესაძლოა ოპოზიციამ "აფხაზეთში დროებითი მთავრობა შექმნას"