„ასეთ რამეს არ აანონსებენ“ - ზელენსკი დასავლური რაკეტებით რუსეთზე მოსალოდნელ დარტყმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მისცა მისგან მიღებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, რასაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზელენსკი გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, დარტყმა სიტყვებით არ ხდება.

„ასეთ რამეს არ აანონსებენ. რაკეტები თავის სიტყვას თავად იტყვიან. აუცილებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ მედიის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას მოუხსნა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვა

17 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემებმა, მათ შორის New York Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს უახლოეს დღეებში გამოიყენებენ.