გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს სიგნალი მოლაპარაკებაზე

ნიკა გვარამია, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შეთავაზებით მიიღეს სიგნალები ბიძინა ივანიშვილისგან, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან. "ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას, გვარამიამ საუბარი ამ თემაზე მაშინ დაიწყო, როდესაც წამყვანმა კითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის - 25 ნოემბრის - დასახელების თაობაზე.

ასევე ნახეთ ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება - პრემიერი

„მსგავსი რამ "ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს, თუ არადა ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი პარტია და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, ამას თქვენთან ვამბობ და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. ახლა კობახიძეს სანამ არ მობეზრდება, იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება. მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა, იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა“, - თქვა ნიკა გვარამიამ და დაამატა, რომ "არავითარი ვაჭრობა არ იქნება".

დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ტიპის სიგნალი, რომ მოლაპარაკება შეიძლება კობახიძეს სურდეს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კობახიძე არაფერს წარმოადგენს და სიგნალი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიიღეს ივანიშვილისგან.

„სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მე არ ვაპირებ დაზუსტებას, მაგრამ ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა, ჩვენ მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი საკითხია მოლაპარაკების და განხილვის ღირსი - ახალი არჩევნები“.

გვარამიამ დამატებით განმარტა:

"ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი, ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ მონაწილეობდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში, ოღონდ ოპოზიცია, ჩვენ წამყვანი ოპოზიციურ ძალა ვართ, მოგეხსენებათ, დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება“.

კითხვაზე, თუ ვისთან უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „მაგას ვერ გეტყვით. კობახიძე და მისი გუნდი როგორც არ არსებობს, კიდევ უფრო არ იარსებებს, ივანიშვილზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას ან ვინ ელაპარაკება საერთოდ. ეს არის ივანიშვილის ტექსტი და კიდევ ერთხელ აქედან ღიად ვუთვლი მას - არავითარი საუბარი მასთან არ იქნება, ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს, ეს არის ხელახალი არჩევნები, კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს“.

შეკითხვას, თუ ვისთან სთავაზობდნენ დალაპარაკებას, გვარამიამ უპასუხა, რომ „არა, მაქამდე არ მისულა საერთოდ საუბარი და არც მივა. არავის არ აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველი შემდეგი არის ახალი კობახიძე“.

რაც შეეხება საუბრის თემას, იყო თუ არა ეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „დიახ, რაღაც ფორმით“, თუმცა, როგორც დამატებით განმარტა, „სიღრმეებში არც შევსულვართო“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას სთავაზობდა თავად ბიძინა ივანიშვილი, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს... დღეს ვინც არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველას უკლებლივ“.

განცხადებას, რომელიც ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან 18 ნოემბრის გვიან ღამით გააკეთა "ტვ პირველის" ეთერში, ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. რადიო თავისუფლება პასუხის მიღებას დამოუკიდებლადაც შეეცდება.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი პარლამენტის პირველი შეკრების ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და ის შეიკრიბება არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს.

კობახიძის სიტყვებით, საამისოდ პარლამენტს არცერთ ქვეყანაში არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია.

ირაკლი კობახიძე ასევე მოელის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ პარლამენტში მაინც შევა.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53, 93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს, ოპოზიციისათვის კი ეს არჩევნები გაყალბებულია.

ასევე ნახეთ მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება. აქცია 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად სამი დიდი ზომის კარავი გაშალეს, შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია 24 საათს გასტანს.

გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.

17 ნოემბერს, საღამოს 6 საათისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტის მიმართულებით ვაკიდან და აღმაშენებლის გამზირიდან მსვლელობა დაიწყეს. ოპერისა და ბალეტის თეატრთან წაიკითხეს სტუდენტური მანიფესტი და პარლამენტის შენობის წინ კოალიცია "შენი ხმის" წარმომადგენლებს შეუერთდნენ.

პარალელურად, ვაკის პარკიდან მსვლელობა დაიწყეს "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. მოელოდნენ, რომ ისინიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებოდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფმა ნიკა გვარამიამ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა, რომ "მორჩა სეირნობა" და "აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებითო".

"ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილების მოწოდების შემდეგ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა სცენიდან გამოაცხადა, რომ მეგობრებს უნდა შეერთებოდნენ, რის შემდეგაც დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირისკენ დაიძრნენ.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.

ასევე ნახეთ "დღევანდელი ღამე შედგა" - ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს