ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამის შესახებ „რესპუბლიკა“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემა იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ:
"დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცავებიდან შეკრებილებთან არავინ გამოსულა. შენობაშიც არავის უშვებენ. ვითარება იძაბება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას მოითხოვენ".
მოგვიანებით ოპოზიციონერებმა მანამდე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით გუმისთის ხიდი გადაკეტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობამდე სამხედრო ტექნიკა აჰყავთ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავების კადრებიც. თვითაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.
ასევე ნახეთ „პროაფხაზი“ შამბა „რუსეთის კაცის“ ნაცვლად - რა შეიცვლება ოკუპირებულ აფხაზეთში?