უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს, რომ კიევი წინასწარ იყო ინფორმირებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შესახებ.
ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 10 ნოემბერს დაწერა, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით 7 ნოემბერს ესაუბრა, მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინაში შემდგომი ესკალაციისგან და შეახსენა, რომ აშშ-ს ევროპაში მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, უკრაინა ამ საუბრის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული და წინააღმდეგი არ ყოფილა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია. ტიხის განცხადებით, შესაბამისად, უკრაინა ამ სატელეფონო ზარს ვერც მხარს ვერ დაუჭერდა და ვერც წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპმა პუტინს ფლორიდის რეზიდენციიდან დაურეკა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მისი და მსოფლიო ლიდერების კერძო სატელეფონო საუბრების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. კრემლს პუტინის და ტრამპის საუბრის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ ზელენსკი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი 6 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მეორე დღეს ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში ტრამპმა პუტინთან საუბარი არ გამორიცხა.
რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საჯაროდ მიულოცა სოჭიდან, სადაც 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით სხდომაზე. პუტინის თანახმად, „ყურადღებას იმსახურებს“ ტრამპის საჯარო განცხადებები, „ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დასრულებას“.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
ასევე ნახეთ ტრამპმა შეიძლება წინადადება წამოაყენოს, რუსეთსა და უკრაინას შორის ბუფერული ზონის შექმნაზე ასევე ნახეთ რას უნდა ველოდეთ ტრამპ 2.0-ისგან?ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.