გერმანიის კანცლერი ვადამდელი არჩევნების თარიღზე ოპოზიციასთან იმსჯელებს

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღზე იმსჯელებს, იქამდე კი მათ წლის ბოლომდე მისაღებ კანონებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

გერმანიის სამპარტიული მმართველი კოალიცია შვიდ ნოემბერს დაიშალა.

რამდენიმე დღით ადრე, ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ("თავისუფალი დემოკრატები") შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გადასახადების შემცირებასა და დერეგულაციაზე იყო საუბარი.

კრისტიან ლინდნერი

ოლაფ შოლცის "სოციალ-დემოკრატებისა" და "მწვანეებისათვის" ფინანსთა მინისტრის ხედვა მიუღებელი აღმოჩნდა. შედეგად, კანცლერმა შვიდ ნოემბერს ფინანსთა მინისტრი დაითხოვა, კრისტიან ლინდნერის პარტიამ კი მმართველი კოალიცია დატოვა.

შვიდ ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იანვარში ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდა, ვადამდელი არჩევნები კი ჩატარდებოდა არაუგვიანეს 2025 წლის მარტისა.

გერმანიაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

ოპოზიციის ლიდერი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი, დაეთანხმა ვადამდელი არჩევნების იდეას, მაგრამ თქვა, რომ მთავრობის ნდობის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა დადგეს და შესაბამისად, არჩევნებიც მარტამდე ჩატარდეს.

ფრიდრიხ მერცი

ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი გახდება.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ZDF) სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 84% ვადამდელ არჩევნებს ემხრობა. 30% ფიქრობს, რომ არჩევნები მარტში უნდა გაიმართოს, 54% კი თვლის, რომ უფრო ადრე.

მზარდი წნეხის ფონზე, ოლაფ შოლცი თანახმაა, რომ არჩევნების თარიღზე მოლაპარაკება შედგეს.

"თარიღზე რაც შეიძლება მშვიდად უნდა ვიმსჯელოთ. კარგი იქნებოდა, თუ ბუნდესტაგის დემოკრატიული ფრაქციები შეძლებდნენ შეთანხმებას, რომელი კანონები შეიძლება დამტკიცდეს წელს", - თქვა ოლაფ შოლცმა რვა ნოემბერს ბუდაპეშტში, სადაც ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი გაიმართა.

გერმანიას სამპარტიული კოალიცია 2021 წლის დეკემბრიდან მართავდა.

ასევე ნახეთ მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ