მამუკა მდინარაძე: გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 6 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრით დაიწყო.

„ჩვენს სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გვინდა გამოვეხმაუროთ. ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როცა ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, სხვა ლიდერებიც გააკეთებენ განცხადებას“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები - ლაივბლოგი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა.

ასევე ნახეთ ჰარისი ან ტრამპი: რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში „უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება“.

„შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 ივლისს.

ასევე ნახეთ კობახიძე: ტრამპის მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება

ტრამპის გამარჯვება უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირის საქართველოსთან კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება.

„გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის განცდას, რომ საქართველოს კონფლიქტი აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა

ასევე ნახეთ ივანიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა შეიცვლება