„დიდმა შვიდეულმა“ დაგმო რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა

საილუსტრაციო ფოტო: "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. კაპრი, 18 აპრილი, 2024.

„დიდი შვიდეულის“, ასევე სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსებისა და უკრაინაში მათი შესაძლო გამოყენების გამო, იტყობინება Reuters-ი.

„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს რუსეთის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოახდინოს საკუთარი დანაკარგების კომპენსაცია, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებაც იქნება,“ ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათ ასევე „სრულიად კატეგორიული სახით“ დაგმეს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის რუსეთის მიერ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების „უკანონო შესყიდვა“.

როგორც გაზეთი Financial times-ი იტყობინება დღეს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, კურსკის ოლქში უკვე მოხდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოეთ კორეის ჯარებს შორის შეტაკება.

ასევე ნახეთ უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქში პირველი შეტაკება მოხდა ჩრდილოკორეელ სამხედროებთან
ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში