უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქში პირველი შეტაკება მოხდა ჩრდილოკორეელ სამხედროებთან

სამხრეთ კორეის შეფასებით, ამჟამად რუსეთში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი სამხედრო. დაახლოებით 3 ათასი უკვე ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია და წვრთნას გადის

კურსკის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს შორის პირველი სამხედრო შეტაკება მოხდა. პირველად ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და ეროვნული თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (CPD) ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ, განაცხადა, "კორეის სახალხო რესპუბლიკის სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე ცეცხლის ქვეშ იმყოფება კურსკის ოლქში,”- წერს ტელეგრამის არხში კოვალენკო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

ამის შემდეგ გამოცემა Financial Times-მა უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ პირველი სამხედრო შეტაკება მართლაც მოხდა რუსეთის ფედერაციის იმ ოლქში, რომლის დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრს რუსეთის არმია აკონტროლებს.


უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში ყაზარმებში იმყოფებიან და "რამდენიმე დღის განმავლობაში" ბრძოლაში ჩართვისთვის ემზადებიან." უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 11 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედროა განლაგებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ " კრემლი არ აკეთებს კომენტარს აშშ-ის განცხადებებზე კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროების შესახებ, რადგან ვაშინგტონი თავად ამბობს, რომ არ ფლობს ამ ინფორმაციის დამდასტურებელ ფაქტებს."

  • ერთი კვირის წინ სამხრეთ კორეის შეფასებით, რუსეთში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი სამხედრო. დაახლოებით 3 ათასი უკვე ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია და წვრთნას გადის. ცნობა დაადასტურა ნატოს ალიანსმაც.
ასევე ნახეთ ნატომ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნა კურსკში, რას ნიშნავს ეს?