დიპლომატები დამკვირვებლებს და ოპოზიციას შეხვდნენ საარჩევნო დარღვევებზე სასაუბროდ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ.

ორივე შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართა.

თავდაპირველად დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებმაც მათ ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს საარჩევნო დარღვევებზე.

დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის იყვნენ „ჩემი ხმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED).

„ჩემი ხმის“ ცნობით, „სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, ასევე, ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ“.

ასევე ნახეთ ცესკომ გადაწყვიტა, ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს - საიას თავმჯდომარე

„ჩემი ხმის“ თანახმადვე, პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო- და ვიდეომტკიცებულებებს.

მოგვიანებით, 18:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაიწყო დიპლომატების შეხვედრა სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.

პოლიტიკური ძალებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.

მედიის ცნობით, დიპლომატებს შორის იყვნენ ისრაელის, ნატოს, საფრანგეთის, ლიეტუვის, ჩეხეთის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 53.931%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
  • „ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

ასევე ნახეთ „დაშინება, თვალთვალი, ფარულობის დარღვევა“ - წავიკითხეთ სადამკვირვებლო მისიების დასკვნები
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები