ბორელი: ორბანს განსხვავებული აზრი აქვს, თუმცა დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო

ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ორბანის პოზიცია განსხვავდება ევროკავშირის პოზიციისგან მაშინ, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები "თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად" არ გამოუცხადებიათ.

"ეს [ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში] ხდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთს შორის. როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს, ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. მე არაერთხელ მინახავს, რომ წევრ სახელმწიფოებს აქვთ განსხვავებული მიდგომები ერთი და იმავე საკითხის მიმართ.

ევროკავშირის პოზიცია ცხადად გამოვხატე, კომისართან ერთად... რეალობა ის არის, რომ ბატონ ორბანს აქვს განსხვავებული ხედვა, თუმცა დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ჩვეულებრივ, როდესაც დამკვირვებლებს ამის სჯერათ, ისინი ამბობენ კიდეც ამას. მათ არც ამის საწინააღმდეგო არ უთქვამთ, მაგრამ არც ის, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო [არჩევნები]", - აღნიშნა ბორელმა პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს და წინა დღეებში დააფიქსირეს დარღვევების "მთელი სია". დარღვევები, მისი შეფასებით, განხილვასა და ანალიზს მოითხოვს.

"აქ არის მთელი სია დარღვევებისა, რაც მოითხოვს, ანალიზს, განხილვას და ჩვენ ველით, რომ საქართველოს უწყებები, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო პროცესის მართვა, ამას შეასრულებენ გამჭვირვალედ. ჩვენ ველით, რომ ცესკო და შესაბამისი ორგანოები გამჭვირვალედ გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რომლებიც ანგარიშებშია. მათ უნდა წაიკითხონ ეს ანგარიშები, რომლებშიც არის გრძელი სია ამ დარღვევებისა, რაც არ იყო კარგი. ეს ეხება არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ წინა დღეებსაც", - თქვა მან.

ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანი თბილისშია - სააკაშვილის ყოფილი მეგობარი „ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობს
ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანი არჩევნებზე: ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი

28 ოქტომბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის საქართველოში ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
  • "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.