საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.
პაპუაშვილი საკმარისად მიიჩნევს, რომ საჩივრები განიხილონ საქართველოს იურისდიქციაში მოქმედმა ორგანოებმა.
„საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?! საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან? ასე არ ენდობოდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლოს, ასე არ ენდობოდნენ გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე. ხომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები სასამართლოს მიმართ, ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მის მიმართ ბრალმდებლები იყვნენ მტყუანი. ანუ ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და, უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკოში. ყველა ნახავს ამას და დააკვირდნენ და ნახონ, კმაყოფილები იქნებიან თუ არა ამ განხილვებით.
რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება, რაც ნამდვილად არის მათ იურისდიქციაში და შეუძლიათ პირველი გამოიძიონ, ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ეგზიტპოლის გაყალბება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული. ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის უცხოელები, აშშ-ის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაიფოღლუს კითხვის პასუხად განმარტა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული: „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი".
ასევე ნახეთ "არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - სახელმწიფო დეპარტამენტი26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის არჩევნებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოებისგან. შვედეთმა უკვე მიიღო საქართველოსთან ოფიციალური თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ კანადა გადასინჯავს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან