კანადა გადასინჯავს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ 28 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის ტექსტის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კანადა აღრიცხავს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.

მაგრამ კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და საარჩევნო დღის სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც იუწყებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები. ამ [ცნობებს] ყურადღება უნდა მიექცეს და გამოძიებულ უნდა იქნეს. კანადას მყარად სწამს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებით და არჩევნების ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადასინჯავს თავის ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ყურადღებას მიაქცევს ბოლო პერიოდში დემოკრატიის უკუსვლას.

ჩვენ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, პატივი სცეს ინდივიდთა უფლებებს და უსაფრთხოებას მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში.

ქართველებს ვაქებთ აქტიური მონაწილეობისთვის საარჩევნო პროცესში, მათ შორის ამომრჩევლების, საარჩევნო თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების რანგში".

ასევე ნახეთ შვედეთის მთავრობა წყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობას
ასევე ნახეთ "არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - სახელმწიფო დეპარტამენტი
ასევე ნახეთ ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას