ისრაელმა "მიზანმიმართული და ზუსტი" დარტყმა განახორციელა ირანზე, პასუხად მიმდინარე თვეში ირანის მხრიდან ისრაელზე მიტანილ იერიშებზე, - აცხადებს ისრაელის არმია და ამბობს, რომ დარტყმები დასრულებულია.
"შემიძლია დავადასტურო, რომ დავასრულეთ ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმებზე ისრაელის წინააღმდეგ. განვახორციელეთ მიზანმიმართული და ზუსტი დარტყმები ირანში სამხედრო სამიზნეებზე და აღვკვეთეთ მყისიერი საფრთხე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა ვიდეომიმართვაში და დასძინა, - "ჩვენი თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ შინ".
ირანი აცხადებს, რომ ისრაელის შეტევას ემსხვერპლა ორი სამხედრო და ადასტურებს, რომ დარტყმების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები თეირანის მიმდებარე რეგიონსა და სხვა არეალებში. ირანის თანახმად, ზიანი მცირეა.
ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იუწყება, რომ ირანში ჩვეულებრივად აღდგა ავიარეისები, მცირედი შეფერხების შემდეგ.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიამ ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა