ისრაელის თავდასხმას ჟურნალისტების კომპლექსზე მედიის სამი თანამშრომელი ემსხვერპლა

ლიბანში ჟურნალისტების საცხოვრებელ კომპლექსზე ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად დაზიანებული პრესის ავტომანქანა. თავდასხმას სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა. 25 ოქტომბერი, 2024 წელი

ლიბანში ჟურნალისტების საცხოვრებელ კომპლექსზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას მასმედიის სამი თანამშრომელი შეეწირა - იტყობინება ლიბანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო 25 ოქტომბერს.

ბეირუთში დაფუძნებული საერთო არაბული ტელეარხი ალ-მაიადინი იტყობინება, რომ დაღუპულებს შორის მისი ორი თანამშრომელია.

ლიბანში მოქმედი დაჯგუფების, ჰეზბოლას ტელეარხ ალ-მანდარის მიერ გავრცელდა ცნობა, რომ მისი ოპერატორი ვისამ კასიმი დაიღუპა ჰასბაიას რაიონზე თავდასხმისას.

ადგილობრივი ტელეარხის ალ-ჯადიდის მიერ თავდასხმის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დანგრეული შენობა, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებს ჰქონდათ დაქირავებული, ასევე ნამსხვრევებით და მტვრით დაფარული დაზიანებული ავტომობილი წარწერით, „პრესა.“ ისრაელის არმიას თავდასხმამდე გაფრთხილება არ გაუვრცელებია.

შარშან 8 ოქტომბერს ისრაელ-ლიბანის საზღვრისპირა არეალებში დაწყებული ყოველდღიური სროლების შედეგად რამდენიმე ჟურნალისტის დაიღუპა.

ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის სამხრეთის ნაწილს აკონტროლებს, აშშ-ში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფებაა. მის მხოლოდ სამხედრო ფრთას თვლის ევროკავშირი ტერორისტულად. პოლიტიკურ ნაწილს თავისი დეპუტატები ჰყავს ლიბანის პარლამენტში.

ასევე ნახეთ გაერო გმობს ზარალს, რომელიც მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ფინანსურ ფირმაზე