რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის სამიტის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე ყაზანში კომენტარი გააკეთა ცნობებზე იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მონაწილეობის მიზნით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის სამხედროები იმყოფებიან.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რუსეთში ყოფნის ამსახველ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, NBC News-ის რეპორტიორმა პუტინს ჰკითხა, რა მიზანს ემსახურება მათი ყოფნა რუსეთში და რამდენად არსებობს უკრაინაში ომის უფრო მეტი ესკალაციის ალბათობა.
"სურათები - სერიოზული რამაა. თუ არსებობს სურათები, ესე იგი ისინი რაღაცას ასახავს", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 24 ოქტომბერს რუსეთმა მოახდინა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაცია. დოკუმენტში არის ჩანაწერი ორმხრივ სამხედრო დახმარებაზე. "ჩვენ არასდროს შეგვიტანია ეჭვი იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა ჩვენს შეთანხმებებს სერიოზულად ეკიდება. მაგრამ რას და როგორ გავაკეთებთ, ეს უკვე ჩვენი საქმეა, ამ ჩანაწერის ჩარჩოში", - განაცხადა პუტინმა.
ასევე ნახეთ რუსეთმა დაამტკიცა ჩრდილოეთ კორეასთან ხელშეკრულება სამხედრო დახმარების თაობაზევარაუდი, რომ ფხენიანმა შესაძლოა თავისი სამხედროები გაგზავნოს უკრაინის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების ზონაში, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ ოქტომბრის დასაწყისში გამოთქვა. 18 ოქტომბერს სამხრეთ კორეის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პოლიგონებზე 1500-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება. დასავლეთის მედიის მონაცემებით, მათი რიცხვი შესაძლო უფრო დიდი იყოს.
BRICS-ის სამიტის ბოლო დღეს შეკრებილ აუდიტორიას ასევე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. ის გამოვიდა ყველა მიმდინარე საომარი კონფლიქტის უსწრაფესი გადაწყვეტის მოწოდებით, მათ შორის უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში - გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უზენაესობის დაცვით.
გუტერეშმა ასევე ილაპარაკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე, რათა მან "ასახოს თანამედროვე მსოფლიო". გუტერეშმა არასწორი უწოდა იმ გარემოებას, რომ საბჭოში ხმა არ აქვთ განვითარების პროცესში მყოფ სახელმწიფოებს.
ასევე ნახეთ BRICS - პუტინის იზოლაციიდან და სანქციებიდან თავის დახსნის საშუალება