რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც შესაძლებელს ხდის ერთმანეთისთვის "სამხედრო და სხვა დახმარების" გაწევას.
ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში პუტინის ვიზიტის დროს, 24 ივნისს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, ღრმავდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებას, ერთმანეთს გაუწიონ სამხედრო დახმარება - იმ შემთხვევაში, თუ ერთ ქვეყანას თავს დაესხმებიან და ის ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება, მეორემ მას "დაუყოვნებლივ უნდა აღმოუჩინოს სამხედრო და სხვა დახმარება, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით". დაზუსტებული არ არის, როგორ შეიძლება ამ ჩანაწერის ინტერპრეტაცია, თუმცა სამხრეთი კორეა და აშშ ახლახან აცხადებდნენ, რომ აქვთ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნის მტკიცებულებები. მათი თქმით, ისინი იქ, სავარაუდოდ, წვრთნას გადიან.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში განთავსება ზრდის იმის ალბათობას, რომ ისინი შეუერთდნენ რუსეთის ჯარისკაცებს უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
ფორუმი