ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ჰასან ნასრალას მემკვიდრის სიკვდილი

ჰაშემ საფი ალ-ინი. ბეირუთი, 24 მაისი, 2024.

ისრაელის სამხედროებმა სამშაბათს დაადასტურეს ჰაშემ საფი ალ-დინის მკვლელობა, რომელსაც უწოდებდნენ პროირანული შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრეს.

ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ საფი ალ-დინი ჰეზბოლას დაზვერვის ხელმძღვანელთან და ჯგუფის სხვა ლიდერებთან ერთად მოკლეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი კვირის წინ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, დაჰიაში, განხორციელებული თავდასხმის დროს. ისრაელის სამხედროები ლიბანის დედაქალაქის ამ რაიონს „ტერორისტების დასაყრდენს“ უწოდებენ.

ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული შეერთებულ შტატებში, მისი სამხედრო ფრთა კი - ევროკავშირში. ლიბანში მოძრაობა მოქმედებს როგორც ლეგალური პოლიტიკური პარტია და წარმოდგენილია პარლამენტში.

სექტემბრის ბოლოს არაბული მედია წერდა, რომ ჰეზბოლას მეთაურად უკვე აირჩიეს საფი ალ-დინი, მაგრამ დაჯგუფებამ ეს არ დაადასტურა. ალ-დინი არის ლიბანური დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჰასან ნასრალას ბიძაშვილი. ნასრალა 27 სექტემბერს დაიღუპა ბეირუთის გარეუბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

8 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მოქალაქეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ნასრალას მემკვიდრე შესაძლოა მოეკლათ ისრაელის თავდაცვის ძალებს. „ჩვენ ზარალი მივაყენეთ ჰეზბოლას შესაძლებლობებს, ჩვენ მოვკალით ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალა, ნასრალას მემკვიდრე და ნასრალას მემკვიდრის მემკვიდრე,“ აღნიშნა მაშინ ნეთანიაჰუმ ისე, რომ დაღუპულის ვინაობა არ დაუსახელებია. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბეირუთზე თავდასხმის შედეგად ჰაშემ საფი ალ-დინის დაღუპვის შესახებ.

23 სექტემბრიდან ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ ატარებს ოპერაციას „ჩრდილოეთის ისრები“. ოპერაციის მიზნად ასახელებდნენ ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და ევაკუირებული ისრაელელების შინ დაბრუნებისთვის პირობების შექმნას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

ჰეზბოლამ ისრაელს რაკეტები დაუშინა მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელს რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი დაესხა თავს. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. მას შემდეგ საზღვარზე დაბომბვა თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა. ორივე მხარეს საზღვრისპირა რაიონებიდან ევაკუირებულია ათიათასობით მოსახლე.

ასევე ნახეთ ჰეზბოლამ ისრაელს რაკეტები დაუშინა, ბლინკენი ისრაელში ჩადის - კვლავ ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს