Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლამ ისრაელს რაკეტები დაუშინა, ბლინკენი ისრაელში ჩადის - კვლავ ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს


ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ლიბანი, ტიერი. 21 ოქტომბერი, 2024 წელი
ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ლიბანი, ტიერი. 21 ოქტომბერი, 2024 წელი

ლიბანში მოქმედმა გაერთიანება ჰეზბოლამ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელში რაკეტები დაუშინა თელ-ავივის და ჰაიფას მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებს.

ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელისკენ გაემართა, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს ცეცხლის შეწყვეტას.

ისრაელის მიერ წინა ღამით ლიბანის სამხრეთის და დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთი გარეუბნების დაბომბვის შემდეგ ჰეზბოლამ განაცხადა, რომ რაკეტები ესროლა ბაზას, რომელსაც ისრაელის დაზვერვა იყენებს, ასევე თელ-ავივის გარეუბანს.

ჰეზბოლას ინფორმაციით, მან სარაკეტო ცეცხლი დაუშინა ასევე ჩრდილოეთში, ჰაიფასთან მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზას. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ თელ-ავივის მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, ჩამოვარდა ერთი რაკეტა, რომელიც ლიბანიდან გაუშვეს. განგაშის ხმა გაისმა თელ-ავივშიც.

21 ოქტომბერს გაერომ დაგმო ისრაელის თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო ჰეზბოლასთან დაკავშირებული ფირმა - გაერო აცხადებს, რომ დარტყმები განხორციელდა "სხვადასხვა ურბანულ და საცხოვრებელ არეალში" და მათ მოჰყვა "ფართო ზარალი სამოქალაქო ობიექტებზე".

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ალ-ყარდ ალ-ჰასანის ფინანსურ ასოციაციასთან დაკავშირებული ობიექტები.

ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული, ევროპაში მხოლოდ მისი სამხედრო ფრთაა "შავ სიაში" შეტანილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG