G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის "შეუქცევად სვლას" ნატოსკენ

G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნეაპოლში

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის "შეუქცევად სვლას" ნატოში გაწევრიანების გზაზე და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის "მოკლევადიანი და გრძელვადიანი" სამხედრო დახმარების გაწევას, იქ შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიებაში.

19 ოქტომბერს ლიდერებმა დაგმეს მოსკოვის სამხედრო აგრესია, მის მიერ გამოყენებული "ჰიბრიდული ომის" მეთოდები და "ბირთვული რიტორიკის უპასუხისმგებლო გამოყენება".

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მიზანსწრაფვას უკრაინას გავუწიოთ დახმარება, მათ შორის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამხედრო დახმარება" - აცხადებს დიდი შვიდეული ნეაპოლში ჩატარებული სამიტის შემდეგ. "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის შეუქცევად სვლას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით" - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმერო, რომელმაც, მისი ოფისის განცხადების თანახმად, მადლობა გამოხატა "რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში გაწეული მუდმივი დახმარებისთვის".

დიდი შვიდეული (G7) აერთიანებს მდიდარ ქვეყნებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და იაპონიას.

ასევე ნახეთ ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს თავის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს