სუმის ოლქის ხელისუფლება იტყობინება რუსეთის იერიშის შედეგად არიან დაჭრილები

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედებები კიევში. 30 მაისი, 2023.

წუხელ უკრაინის სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, იტყობინება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია. მათ აღნიშნეს, რომ დაზიანდა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტები, შოსტკის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაითიშა.

თავდასხმის დროს რუსეთის არმიამ გამოიყენა „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონები და მართვადი საჰაერო ბომბები, აღნიშნავს ადგილობრივი ხელისუფლება.

ჩერნიგოვის ოლქის ხელმძღვანელობაც იტყობინება 18-დან 19 ოქტომბრის ღამეს ენერგომომარაგების ობიექტებზე თავდასხმის შესახებ. ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ იქნა ლოკალიზებული. ამასთან, ჩაუსმა აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ნახეთ დასავლელმა ლიდერებმა ბერლინში განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმა"

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ შაბათს გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატების ახალი თავდასხმის შესახებ. „კიევის დნეპრის რაიონში რუსეთის არმიის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთი სახლის ფასადი. ახალგაზრდა ქალმა ქვედა კიდურის სერიოზული ჭრილობები მიიღო. დარნიცის რაიონში პარკირებული მანქანები დაზიანდა ნამსხვრევებით, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ.

მოგვიანებით კიევის ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ დარნიცის რაიონში დრონის ნამსხვრევებით დაზიანდა რამდენიმე სახლის ფასადი, აივანი და ჩაიმსხვრა ფანჯრები. ერთ-ერთი რესტორნის შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა, იუწყება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

მოსკოვმა არაერთხელ უარყო, რომ მისი არმია სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს. უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თავდასხმებს სამხედრო დანაშაულებად აფასებენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში