ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის 74014 სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. დანაკარგებს BBC-ის რუსული სამსახური და „მედიაზონა“ ითვლიან მოხალისეთა ჯგუფთან ერთად.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დანაკარგების ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე 2022 და 2023 წლების ყოველკვირეული საშუალო მაჩვენებლები. ეს შეიძლება იყოს რუსეთის ძალების შეტევითი ოპერაციების შედეგი უკრაინის დონეცკის რეგიონში.
ყველაზე მეტი დანაკარგი მოხალისეებს შორის იყო - 14929 ადამიანი, რაც რუსული მხარის დადასტურებული დანაკარგების საერთო რაოდენობის 21%-ია. ასევე ცნობილია ციხეებსა და კოლონიებში აყვანილი 13567 პატიმრის დაღუპვის შესახებ. დაღუპულთა შორის არის 9340 მობილიზებული.
მკვლევრები დაღუპულთა სიებს აწარმოებენ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ღია წყაროები აქვეყნებენ. ესენია მედია, ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებები, ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და სასაფლაოების მონაცემები. სამხედრო ექსპერტები, რომლებიც მათ გამოჰკითხეს, ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტების ხედვის არეში ექცევა ყველა დაღუპულთა 45%-დან 65%-მდე. ჟურნალისტების თქმით, რუსეთის მხარეს დაღუპულთა რეალური რაოდენობა შეიძლება იყოს 113900-დან 164500 ადამიანამდე.
მოსკოვი და კიევი უკრაინის ომში დანაკარგებს არ ამხელენ და მხოლოდ მტრის დანაკარგებზე საუბრობენ. სამხედრო კონფლიქტში მონაწილე მხარეები მიდრეკილი არიან გააზვიადონ თავიანთი წარმატებები და ამცირებენ წარუმატებლობას. BBC-ისა და „მედიაზონის“ გამოკვლევა დაღუპულთა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი შეფასებაა.
ასევე ნახეთ რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს დაღუპული მებრძოლების ცხედრები ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში