სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა გამოაცხადა ჩრდილოეთ კორეის 12 ათასი სამხედროს რუსეთში გაგზავნის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომში მის დასახმარებლად. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
როგორც ამტკიცებენ, ფხენიანმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯარების დისლოკაციის შეცვლა უკვე დაწყებულია. საუბარია ოთხ სამხედრო ბრიგადაზე, მათ შორის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებზე.
თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს შეიძლება გახდეს ისტორიაში ჩრდილოეთ კორეის ჯარების პირველი ფართომასშტაბიანი განლაგება კორეის ნახევარკუნძულის გარეთ. ჩრდილოეთ კორეის სპეცდანიშნულების რაზმებმა მონაწილეობა მიიღეს 70-80-იან წლებში ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომში.
ასევე ნახეთ ბუდანოვი: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი ჯარისკაცი იგზავნებასამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ-იოლმა უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო თათბირი გამართა. მან ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნას უწოდა უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე თავისი ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
ამის შემდეგ, ხუთშაბათს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი უკვე გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში. მისი თქმით, პირველი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში გასაგზავნად ემზადება.
ჩრდილოეთი კორეა ღიად უჭერს მხარს მოსკოვს უკრაინის ომში და უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. ივნისში მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ორმხრივ სამხედრო დახმარებას მესამე ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.
ჩრდილოეთი კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებითა და რაკეტებით ამარაგებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სამხედრო ფორმისა და სხვა სახის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესაძლო მიწოდების შესახებ.
ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში