ბრიტანეთმა ხუთშაბათს გამოაცხადა სანქციების ახალი რაუნდი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზეა აღნიშნული, შეზღუდვებს დაექვემდებარა 18 ნავთობტანკერი და 4 გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტანკერი, ასევე კომპანია „რუსგაზდობიჩა“.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს არის სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და იმ ტანკერების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც ბრიტანეთის სანქციები აქვთ დაწესებული, 47-ს მიაღწია. როგორც ცნობაშია ნათქვამი, ლონდონმა დაარტყა „რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების გულს, რის ხარჯზეც ფინანსდება პუტინის ომი“.
ამტკიცებენ, რომ გემებმა, რომლებიც დაექვემდებარა ახალ შეზღუდვებს, შარშან გადაიტანეს პროდუქცია, რომლის საერთო ღირებულებაა 4,9 მილიარდი აშშ დოლარი.
მანამდე, ხუთშაბათს, Politico-მ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები დამნაშავე არიან ნავთობის დაღვრაში მთელს მსოფლიოში. ეს არის ერთობლივი გამოძიება არაკომერციულ ჟურნალისტურ ჯგუფ SourceMaterial-თან ერთად. პუბლიკაციას მაგალითისთვის ორი ინციდენტი მოჰყავს.
პირველი შოტლანდიის სანაპიროსთან მოხდა მიმდინარე წლის მარტში. ნავთობის ლაქა, რომელიც სავარაუდოდ დატოვა რუსეთიდან ინდოეთში მიმავალმა ტანკერმა Innova-მ, სატელიტური სურათებით დაფიქსირდა. Politico-ს ცნობით, ლაქა 23 კილომეტრზე გაიჭიმა, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, არანაირი ზომები არ მიიღო.
მეორე ინციდენტი თებერვალში მოხდა იტალიის სანაპიროსთან. ტანკერმა Aruna Gulcay-მ, რომელიც მარშალის კუნძულების დროშით ცურავდა, სავარაუდოდ 47 კილომეტრის სიგრძის ლაქა დატოვა. იტალიის სანაპირო დაცვამ გემი არ დაათვალიერა, ხოლო მარშალის კუნძულების ხელისუფლებასთან კონტაქტის შემდეგ მან სახელი და მფლობელი შეიცვალა.
ასევე ნახეთ ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინასთან ომში ქლორპიკრინის გამოყენებისთვისარასამთავრობო ორგანიზაცია SkyTruth-მა, რომელმაც წარმოადგინა სატელიტური სურათები, განაცხადა, რომ დაფიქსირდა ნავთობის დაღვრის 9 შემთხვევა, რომლებიც გამოწვეული იყო რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიერ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს 9 შემთხვევა ინციდენტების რეალური რაოდენობის მცირე ნაწილია, რადგან ასეთი გემების მოძრაობის თვალყურის დევნება უკიდურესად რთულია.
აიზეკ ლევიმ ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრიდან (CREA) აღნიშნა, რომ გარდა გარემოსდაცვითი ზიანისა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს, ზღვისპირა სახელმწიფოები იძულებული არიან, გაიღონ დასუფთავების ხარჯები. ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა Politico-ს, რომ ევროკავშირი „უწყვეტად“ სწავლობს გემებს სანქციების სიაში შესატანად.
კიევის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოვანი ფლოტით რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოცულობა თითქმის გაორმაგდა წლის განმავლობაში და დღეში 4,1 მილიონ ბარელს მიაღწია.
ჩრდილოვანი ფლოტი არის ზომა, რომლითაც სანქციებს უვლიან გვერდს ქვეყნები, რომლებსაც ეკრძალებათ ნავთობით ვაჭრობა ან, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაშია, აქვთ ვაჭრობის შეზღუდვები (კერძოდ, ფასის ზღვრის სახით).
ევროკომისიის ცნობით, ჩრდილოვანი ფლოტი შედგება ძველი გემებისგან, რომლებიც ეკუთვნის უცნობ მფლობელებს ან სუბიექტებს, რომლებიც მალავენ ბენეფიციარებს და ჩართულნი არიან სანქცირებული ნავთობით ვაჭრობაში და სხვადასხვა მეთოდს იყენებენ აკრძალვებისთვის გვერდის ასავლელად.
ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში