აშშ-ის ტეხასის შტატში მდებარე სასტარტო მოედნიდან კვირას გაუშვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტა „სუპერ ჰევი“, კოსმოსურ ხომალდ „სტარშიპთან“ ერთად. გაშვება ხომალდის შემქმნელმა კომპანია SpaceX-მა განახორციელა.
ფრენის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. დაახლოებით 74 კილომეტრის სიმაღლეზე „სუპერ ჰევის“ პირველი საფეხური მოსწყდა „სტარშიპს“ და მიწაზე დაეშვა. ისტორიაში პირველად მან განახორციელა უკან, სასტარტო კომპლექსზე, დაჯდომა სისტემა Mechazill-ის ბერკეტების საშუალებით. ამ მომენტის ვიდეო სოციალურ ქსელში კომპანია SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა გაავრცელა.
ხომალდმა „სტარშიპმა“, საცდელი გეგმის შესაბამისად, დედამიწის გარშემო ერთი წრე გააკეთა, რის შემდეგაც იგი ორბიტას მოსწყდა და ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა. ილონ მასკმა გამოცდას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ხომალდი მითითებულ რაიონში ჩაიძირა.
წინა საცდელი ფრენა ივლისში ჩატარდა. მაშინ 33 ძრავით აღჭურვილმა პირველმა ფაზამ პირველად შეძლო მსუბუქად დაშვება მექსიკის ყურეში, ხოლო თავად „სტარშიპმა“, გეგმის თანახმად, ინდოეთის ოკეანეში განახორციელა დაშვება.
„სტარშიპი", როგორც მის შემქმნელ კომპანიაში აცხადებენ, სპეციალურად მთვარეზე და მარსზე პილოტირებული მისიებისთვის შეიქმნა. სარაკეტო სისტემა უფრო მაღალი და მზიდია, ვიდრე მსოფლიოში ოდესმე შექმნილი ნებისმიერი სისტემა.
კომპანია SpaceX-ი ესწრაფვის, რომ Starship-ის რაკეტის ამ ტიპით შეცვალოს უკვე მოქმედი Falcon-ი, რომელიც რეგულარულად გამოიყენება უპილოტო თუ ასტრონავტებით განხორციელებული მისიების დროს.
ასევე ნახეთ Starship-ის პროტოტიპმა წარმატებული დაშვება განახორციელა