ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, სამხრეთ ლიბანიდან გაეროს სამშვიდობო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ისრაელის სამხედროები რადიკალური შიიტური მოძრაობა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას სწორედ სამხრეთ ლიბანში ატარებენ. კვირას ნეთანიაჰუს განცხადება მოჰყვა ინციდენტების სერიას, რომელშიც UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.
ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა, გასცეს UNIFIL-ის ძალების "რისკის ზონიდან" გაყვანის ბრძანება. მისივე თქმით, გაეროს მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საზღვართან ახლოს თავიანთ პოსტებზე იმყოფებიან, “ჰეზბოლას” მძევლებად გადაიქცევიან.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული. ევროკავშირში ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა ტერორისტულად აღიარებული. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
ოქტომბრის დასაწყისში გაეროს სამშვიდობო ძალები იტყობინებოდა, რომ ისრაელის ტანკმა ცეცხლი გაუხსნა მის შტაბ-ბინას ქალაქ ნაკურაში, სამხრეთ ლიბანში, ჭურვი მოარტყა სამეთვალყურეო კოშკს და დაჭრა სამშვიდობო ძალების ორი წარმომადგენელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.
თეთრი სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ისრაელის არმიის მიერ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის შტაბ-ბინისთვის ცეცხლის დაშენის გამო და ისრაელისგან ინციდენტის შესახებ დეტალები მოითხოვა.
ასევე ნახეთ თეთრი სახლი „ღრმად შეაშფოთა“ ლიბანში ისრაელის მიერ გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის ცეცხლის დაშენის შესახებ ცნობამ- გაეროს მისიის UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) შემადგენლობაში 10 ათასზე ოდნავ მეტი სამხედროა. ისინი ლიბანის სამხრეთში არიან განთავსებული და მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მას მერე, რაც ისრაელის არმიამ საომარი ოპერაცია დაიწყო ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ.
- გაეროს მისია ლიბანში, UNIFIL-ი, შეიქმნა 1978 წელს, რათა თვალყური ედევნებინა ლიბანიდან ისრაელის ჯარის გასვლისთვის, მათი ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, რაც მოჰყვა პალესტინელთა თავდასხმას.
- მისია გაფართოვდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის ძალით, რომელიც მიიღეს 2006 წელს და რომლის თანახმად, სამშვიდობო ძალებს ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობა დაეკისრა.