თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულა” 5000 ლარით დააჯარიმა და, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობის თანახმად, მისი სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღება მოითხოვა.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვებისთვის უჩივლა. დავა პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა, რის საფუძველზეც “ფორმულამ” პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო.
ასევე ნახეთ ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ სასამართლომ დააჯარიმარეგულაციის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად ის პოლიტიკური პარტია აღიაროს, რომელიც არჩევნების წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. “ფორმულამ” იხელმძღვანელა Edison Research-ის კვლევით, რომელშიც გახარიას პარტიას 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, მარეგულირებელმა კომისიამ კი ტელეკომპანიას მოსთხოვა დოკუმენტაციის წარდგენა კვლევის შედეგების შესამოწმებლად.
“მარეგულირებელმა, ფაქტობრივად, დაგვავალა, რომ Edison Research-ის კვლევის აუდიტირება და მისი შემოწმება მოგვეხდინა. ჩვენ, ცხადია, ვენდობით Edison-ის მონაცემებს და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ მათი მონაცემები გადამოწმდეს. ცხადია, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თანაბარი გარემო არ იყოს მიღწეული ქვეყანაში და ოპოზიციურ პარტიებს შეეზღუდოთ მათი სარეკლამო აქტივობების შესაძლებლობა", - თქვა “ფორმულის” გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ.