რვა წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ თოთხმეტი წლის ბიჭს სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ დღეს, 11 ოქტომბერს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენს არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
სხდომა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დახურული იყო. სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა ბრალდებულის ადვოკატმა და საქმის პროკურორმა. რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარი გააკეთეს პროკურატურაშიც და დაადასტურეს მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვანს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
14 წლის ბიჭი 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მოგვიანებით მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც ბრალდებულის ოჯახი ამბობს, 45 დღეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
არასრულწლოვნის დედის თქმით, გამამტყუნებელ განაჩენს არ მოელოდნენ:
„თუ დამნაშავე იყო, გირაოთი რატომ გაათავისუფლეს 4 თვის წინ?! მაშინ გაათავისუფლეს, რადგან ექსპერტიზის პასუხებმა არ დაადასტურა, რომ გოგო გაუპატიურებული იყო. ექსპერტიზის ყველა პასუხი ჩვენს სასარგებლოდ იყო. ამის შემდეგ გაათავისუფლა ის სასამართლომ. დღეს კი დააკავეს უდანაშაულო ბავშვი და 10 წლით ჩასვეს ციხეში. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და გავასაჩივრებთ... ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს. სამხარაულის ექსპერტიზის პასუხებიც ამას ადასტურებს, რომ გოგო გაუპატიურებული კი არა, თითი არ არის დაკარებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაკავებულის დედამ.
მისი მტკიცებით, დაზარალებულის დედამ „პირადი ნაცნობობის და გამომძიებელთან ახლო ურთიერთობის“ დახმარებით მიაღწია მისთვის სასურველ სასამართლო განაჩენს. როგორც ბიჭის ოჯახი ირწმუნება, 8 წლის ბავშვის მშობლებმა თავადაც კარგად იციან მოზარდის უდანაშაულობის შესახებ, თუმცა მათი მიზანი დაზარალებულის სტატუსის მოპოვება იყო:
„ესენი [გოგოს მშობლები] არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები... შესაბამისად, თუ ისინი მიიღებენ დაზარალებულის სტატუსს, მათ თავიანთი ქვეყანა, როგორც დაზარალებულს, გადაუხდის 100 ათას ევროს. აი, ამისთვის გაწირეს ჩემი შვილი და ციხეში გაუშვეს უდანაშაულო ბავშვი“.
საპირისპირო განცხადებას აკეთებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაზარალებული გოგოს დედა. მისი მტკიცებით, ექსპერტიზამ დაადასტურა გაუპატიურების ფაქტი და სასამართლომაც შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე სამართლიანად ცნო დამნაშავედ მოზარდი.
ექსპერტიზის დასკვნა რადიო თავისუფლებისთვის ხელმისაწვდომი არა. დაზარალებულის დედის თქმით, ექსპრეტიზის დასკვნა პროკურატურას აქვს გადაცემული.
რაც შეეხება ბრალდებებს „გამომძიებელთან მეგობრული ურთიერთობის“ გამოყენებაზე და ფინანსური სარგებლის მიზნით დაზარალებულის სტატუსის მოპოვებაზე, 8 წლის გოგოს დედა ამბობს:
„არ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. უბრალოდ ჩვენ ყველასთან ზრდილობიანად ვსაუბრობთ. მათი გაგებით თუ ეს მეგობრობაა, არ ვიცი. ჩვენი გაგებით ეს ზრდილობაა... ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ფინანსური დახმარება და ამას დაასტურებს ყველა, ვინც გვიცნობს“, - თქვა დაზარალებული გოგოს დედამ.
მანამდე ის რადიო თავისუფლებას მოუყვა მომხდარის შესახებ. ქალის მონათხრობით, „სექსუალური ძალადობის“ ფაქტი მათთან სახლში მოხდა, როცა ბიჭი სტუმრად იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ „მუქარა, ფულის შემოთავაზება“, - რას ამბობს დედა, რომლის 8 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავესდაზარალებულის დედის განმარტებით, მოზარდები დაახლოებით ერთი თვის დამეგობრებულები იყვნენ. როგორც ის ამბობს, თავადაც სახლში იმყოფებოდა, როცა „ძალადობის ფაქტი“ მოხდა, თუმცა ტერასაზე იყო გასული და არაფერი გაუგია.
ბავშვის დედის ვერსიითვე, ბიჭმა „ოთახის კარი ჩაკეტა, გოგოს პირზე დააფარა ხელი და ასე იძალადა“. ქალის მონათხრობის თანახმად, სექსუალური ძალადობის დეტალები თავადაც მეორე დღეს შეიტყო, როცა 8 წლის გოგომ პოლიციაში გაცილებით ვრცლად ისაუბრა. მანამდე კი ბავშვისგან იცოდა მხოლოდ ის, რომ ბიჭმა მისი კოცნა სცადა. რესპონდენტის თქმით, ამიტომაც ჯერ 14 წლის მოზარდის სახლში მივიდა, რათა ბიჭს ბოდიში მოეხადა. პოლიციას კი მას შემდეგ მიმართა, რაც არასრულწლოვნის მშობლებმა ყველაფერში 8 წლის ბავშვი დაადანაშაულეს.
„3 აპრილს საღამოს მოვიდნენ ჩვენთან, რათა ჩემს შვილს ბოდიში მოეხადა. ბავშვიც თან მოჰყავდა დედას. სანამ ეს გოგო ჩემთან მოვიდოდა, იმ დღეს სკოლაშიც იყო. კარატეზე დადის და იმ დღეს კარატეზეც იყო... ჩვენთან მას [გოგოს დედას] გაუპატიურებაზე და მსგავს რამეზე არაფერი უსაუბრია. ჩვენ მხიარულად დავშორდით... ბავშვებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. გაუპატიურების ბრალდებაზე მეორე დღეს შევიტყვეთ, როცა ჩემი შვილი დააკავა პოლიციამ“, - თქვა დაკავებული ბიჭის დედამ.
ასევე ნახეთ რვა წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავესბრალი, რომელიც 14 წლის მოზარდს აქვს წარდგენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას პატიმრობის ვადა 1/3-ით შეუმცირდა.
* ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.