ახალი უბნები იხსნება ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში. ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილება არ ასახავს ემიგრანტების მოთხოვნას - სხვადასხვა ქალაქში დამატებითი უბნების გახსნის შესახებ.
ცესკოს ინფორმაციით, ახალი უბნების გახსნას „ამომრჩევლისთვის სათანადო სერვისის განხორციელება“ განაპირობებს, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან მიღებული ახალ სიებში დამატებით 30 326 ამომრჩეველია და ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობამ 3000-ს აღემატება.
ასევე ნახეთ ცესკო: ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-იაცესკოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - ეს რიცხვი საბოლოო არ არის.
ცესკოს მიერ სექტემბრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებისთვის აღრიცხულ ემიგრანტთა რიცხვი 65 508-ს შეადგენდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აისახება ემიგრანტთა გვარები ერთიან საარჩევნო სიაში, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის უტყუარ გარანტიას მისცემს. “[სია] ჯერჯერობით მუშავდება და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გამოქვეყნდება”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ცესკოში.
ცესკოს 11 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით:
- საბერძნეთში - ხუთის ნაცვლად 7 უბანი იქნება: ათენი - 4, სალონიკი - 3.
- აშშ-ში - ხუთის ნაცვლად 6 უბანი იქნება: ნიუ-იორკი - 4, ვაშინგტონი და სან-ფრანცისკო;
- გერმანიაში - ოთხის ნაცვლად 5 უბანი იქნება: ბერლინი -2, ფრანკფურტი, მიუნხენი და შტუტგარტი.
- საფრანგეთში - ერთის ნაცვლად 2 უბანი იქნება: ორივე პარიზში;
- ესპანეთში - ორის ნაცვლად 3 უბანი იქნება: მადრიდში - 1, ბარსელონაში - 2;
- იტალიაში - სამის ნაცვლად ოთხი უბანი იქნება: რომი - 2, ბარი და მილანი].
ცესკოს 11 ოქტომბრის განკარგულება კვლავ არ ასახავს ემიგრანტების მოთხოვნას - გაიხსნას უბნები ევროპისა და აშშ-ის იმ ქალაქებშიც, სადაც, თავად ემიგრანტების ძალისხმევით - 50-ზე მეტი ამომრჩეველი დათვალეს. სიაში რამდენიმე ათეული ასეთი ქალაქია - ევროპასა თუ აშშ-ში.
საარჩევნო კოდექსის ჩანაწერის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ცესკომ [საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე] „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის“ უნდა გახსნას.
ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი იმიშავებს საკონსულოებში ან საელჩოს შენობებში. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს კანონის მოთხოვნაა; ხოლო ცესკოში ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ კანონმდებლობა ასეთ მოთხოვნას არ იცნობს.
ასევე ნახეთ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება აქცია ემიგრანტების საარჩევნო უფლების დასაცავად
11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, “ლელოს” წარმომადგენელმა ცესკოში - გიორგი სიორიძემ კვლავ წამოჭრა სტრასბურგში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი იმ საფუძვლით, რომ საფრანგეთის საელჩო საკონსულო შემოვლის დროს, საქართველოს მოქალაქეებს სტრასბურგში მდებარე შენობაშიც იბარებს.
“ვინაიდან ასეთი პრეცედენტი იქნა დაშვებული და სასწორზე დგას ამომრჩეველთა ხმის მიცემისა და არმიცემის საკითხი და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორ კვირაში ძალიან ბევრი ადამიანი დაემატა საკონსულო აღრიცხვას და დარეგისტრირდა, რის გამოც ჩვენ ახლა პარიზში ვქმნით უბანს, ერთადერთი რჩება ფრანგული მხარისგან თანხმობა”, - სიორიძის თქმით, თუკი ფრანგული მხარის დათანხმება საგარეო საქმეთა სამინისტროს უჭირს, მაშინ შესაძლებელია პრეზიდენტის შესაძლებლობების გამოყენებაც - “რომელსაც აქვს განსაკუთრებული კავშირები”.
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საპასუხოდ განმარტა, რომ ეს საკითხი კავშირში არ არის 11 ოქტომბრის სხდომაზე გატანილ დღის წესრიგთან და რომ ეს საკითხი მანამდეც ბევრჯერ არის განხილული.
“დღევანდელი თქვენი განცხადება შეიძლება შეფასდეს ამ 7 დამატებითი უბნის [გახსნის] - ამ პოზიტიური ნაბიჯის გადაფარვის მცდელობად. სხვას მე ვერაფერს ვუწოდებ”, - მიმართა კალანდარიშვილმა სიორიძეს.
დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ემიგრანტები კვლავ მართავენ საპროტესტო აქციებს. ბევრ მათგანს, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ხმის მისაცემად ასობით და ათასობით კილომეტრის გავლა მოუწევს.