რუსული და უკრაინული წყაროები: რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული იერიში განახორციელეს

რუსეთის სამხედრო შენაერთებმა კურსკის რაიონში ხუთშაბათს წარმატებული შეტევა განახორციელეს და შეაღწიეს უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წერს BBC ორივე მხარის სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით.

რუსეთის მხრიდან კერძოდ ტელეგრამის არხები „რიბარი“ და „დვა მაიორა“ იტყობინებიან, რომ რუსეთის ჯარები შეიჭრნენ უკრაინის ჯარების მარცხენა ფლანგზე და სერიოზული საფრთხე შეუქმნეს მის შენაერთებს, რომლებიც განლაგებული არიან უკრაინის ჯარების მიერ განხორციელებული გარღვევის ზონის ჩრდილოეთით, კორენევოს რეგიონულ ცენტრთან.

უკრაინის მხრიდან ეს ინფორმაცია დაადასტურა DeepState-მა. ეს პროექტი ცნობილია როგორც სანდო წყარო ფრონტზე მიმდინარე მოვლენებისა და ფრონტის ხაზზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

„დღეს უკიდურესად საშინელი დღეა ნოვოივანოვკის რაიონში: არტილერისტებს და დრონის ოპერატორებს ბრძოლაში ჩართვა მოუწიათ. მტერი ახლა ცდილობს ფეხის მოკიდებას დასახლებული პუნქტების, ნოვოივანოვკისა და ზელენი შლიახის მიდამოებში. ერთობ არასაიმედო ტაქტიკური ვითარება შეიქმნა ჩრდილოეთით მიმდებარე ქვედანაყოფებისთვის“, - წერენ DeepState-ის ავტორები ტელეგრამში.

ხუთშაბათს საღამოს რუსეთის ტელეგრამის არხი „დვა მაიორა“ (სხვა სამხედრო ტელეგრამის არხზე დაყრდნობით) იტყობინებოდა, რომ შეტევაზე გადავიდნენ საზღვაო მედესანტეთა 155-ე ბრიგადის ქვედანაყოფები.

„მათ შეუტიეს ლიუბიმოვკასა და ზელენი შლიახის მიმართულებით, რაც ასევე თავდასხმის ქვეშ აყენებს უკრაინულ წინ წაწეულ პოზიციებს ოლგოვკა-კრემიანოეს მიმართულებით“, წერს „ორი მაიორი“.

ოლგოვკა და კრემიანოე მდებარეობს ჩრდილოეთით, კორენევოს რეგიონულ ცენტრთან ახლოს.

ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში

„კურსკის მიმართულებით რუსეთის ჯარებმა განახორციელეს კონტრშეტევა კორენევოს რაიონში ოლგოვკიდან ზელენი შლიახის მიმართულებით, გაათავისუფლეს ოკუპირებული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - წერს რუსული ტელეგრამის არხი „რიბარი“.

DeepState-ის მიერ გამოქვეყნებულ მიახლოებითი რუკის თანახმად, რუსეთის ჯარების სოლის სიღრმე შვიდ კილომეტრამდეა.

DeepState-ის ავტორები აცხადებენ, რომ კურსკის რეგიონში უკრაინულ დანაყოფებს ცუდი კოორდინაცია აფერხებს.