ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფა

ევროკავშირის დროშები ევროკომისიის შტაბ-ბინის წინ. ბრიუსელი, 1 მარტი, 2023.

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით.

ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპულ საქმეთა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში.

„ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის იმ გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, რომლებიც გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების გამო“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს სამთავრობო დახმარებას უჩერებს. უკვე ვიცით, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები

იოზვიაკის თქმით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო რუსული აქტივების მიმართ სანქციების გახანგრძლივების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

მანამდე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰალი ვარგამ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის სანქციების ცვლილებას გაყინული რუსული აქტივების მიმართ, რაც შესაძლებელს გახდიდა უკრაინისთვის სესხის გაცემას. მისი თქმით, ბუდაპეშტს სურს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დაელოდოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

ასევე ნახეთ Bild-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს ოლაფ შოლცს

უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ 2024 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ თანხის დახარჯვა იგეგმება ენერგეტიკაზე, ბომბსაფრებზე და ნაწილობრივ იარაღზე, ასევე საჰაერო თავდაცვაზე.

ასევე ნახეთ როგორ ემზადება პოლონეთი რუსეთთან ომისთვის