ევა გოცირიძის შესახებ
ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, 10 წლის ვადით 2017 წელს აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ორი ვადით - 1997-2000 წწ. და 2013-2017 წწ. - იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
წლების წინ, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძეც წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვისაც.
ევროპულმა სასამართლომ მიწოდებული კანდიდატებიდან მოსამართლედ არავინ დაამტკიცა. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობდა, რომ მოქალაქეებმა და ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სახალხო დამცველმა, იმუშავეს, რომ სია ქვეყანას უკან დაჰბრუნებოდა. რამდენიმე თვეში, 2017 წლის ნოემბერში, გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.
რას ნიშნავს კონსტიტუციის 78-ე მუხლი
კონსტიტუციის 78-ე მუხლით, კონსტიტუციური ორგანოები, მათ შორის პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტი და სხვები, ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის. პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატები საკონსტიტუციო სარჩელში ხსნიდნენ, რატომ ეწინააღმდეგება „აგენტების კანონი“ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გასახსნელად ემზადებოდა, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად განიხილება. კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს დახმარების ნაწილი შეუჩერეს.
ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელებია შესული. მათ მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო ორგანოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა ზომა, რათა ხელი არ შეეშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას.
დღეს, 9 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს განსახილველად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი. მოსამართლეებმა, ხმათა უმრავლესობით, მიიჩნიეს, რომ „აგენტების კანონი“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, შესაბამისად, მის შეჩერებაზე უარი თქვეს. ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ მოსამართლეები გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
გადაწყვეტილება პლენუმის რვა მოსამართლემ მიიღო, განხილვებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მონაწილეობდა ირინა იმერლიშვილი.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა - სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო