კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ პუტინს არ შეხვდება მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკების დასაწყებად, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უკრაინის მხარის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

"არა, უკრაინის გარეშე ორმხრივად არ შევხვდები. უკრაინას უნდა ჰქონდეს უკრაინის მომავალზე ხმის უფლება", - განაცხადა მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს კიევის ნატოში გაწევრიანებას, ჰარისმა განაცხადა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც წამოიჭრება, “თუ და როდესაც საქმე იქამდე მივა."

უკრაინამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია გახდეს ნატოს წევრი. ნატოს ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მიწვევას ალიანსის წევრობისთვის, თუმცა აღიარებენ, რომ ომის ვითარებაში იგი ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მომდევნო ათწლეულში შეძლებს.

Financial Times-ი უცნობ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2025 წლის იანვარში თანამდებობის დატოვებამდე, შესაძლოა დათანხმდეს ნატოში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის სტატუსის შეცვლას. ცნობას "ფაინენშელ ტაიმსზე" დაყრდნობით უკრაინული გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" ავრცელებს.

ასევე ნახეთ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
ასევე ნახეთ ნატო სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას