რუსულმა „პანცირმა“ ფეოდოსიის ნავთობტერმინალი უკრაინული დრონებისგან ვერ დაიცვა

ფეოდოსიის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველი კადრები 7 ოქტომბერს გაავრცელა რუსულმა ტელეარხმა „ვესტი კრიმმა".

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიას, რომელზეც 7 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო, 2022 წლის შემოდგომიდან იცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირი-ეს1“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს თანამგზავრული ფოტოების გამოკვლევის საფუძველზე.

სპეციალურ პოდიუმზე განთავსებული ეს სისტემა ჩანს უკრაინული ტელეგრამ-არხის, „ატეშის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც. თუმცა, „პანცირმა“ ვერ შეძლო ნავთობის ტერმინალზე უკრაინული დრონებით შეტევის მოგერიება.

პირველი ცნობები, რომ ფეოდოსიის პორტის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარია, 7 ოქტომბერს, გამთენიისას, გაავრცელეს ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ნავთობტერმინალზე დრონებით შეტევა იყო.

ასევე ნახეთ ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

ხანძრის გამო ფეოდოსიაში „ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს და პორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს.

7 ოქტომბერს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ყირიმში ჩამოაგდეს 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

იმავე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ფეოდოსიის ნავთობტერმინალს დაარტყეს. გენშტაბის განცხადებით, შეტევა წარმატებული იყო.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხაზი გაუსვა, რომ ფეოდოსიის ტერმინალი ყირიმში ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი უმსხვილესი ობიექტია, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო არმიის საჭიროებებისთვისაც იყენებენ.

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზეც სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.