აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარყო, როგორც თავად უწოდა, "ამაზრზენი" წერილი ამერიკელი კანონმდებლებისგან, რომლებმაც გააკრიტიკეს მის ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოუწოდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, სანამ ქვეყანა კლიმატის კონფერენცია COP29-ს უმასპინძლებს მომავალ თვეში.
წერილი, რომელსაც 60-მდე კანონმდებელი აწერს ხელს, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, "მიაღწიოს პოლიტპატიმრების - მძევლებისა და სამხედრო ტყვეების, მათ შორის, ეთნიკური სომხების უპირობო გათავისუფლებას, რათა COP29-ზე წარმატებული დიპლომატიის უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.
წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის "პროვოკაციულმა" განცხადებებმა სომხეთის მიმართ შეიძლება ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ორ ქვეყანას შორის, რომელთაც ორჯერ იომეს ერთმანეთთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ალიევმა, 2020 წლის ომში უკან - ბაქოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებულ ქალაქ ჯაბრაილში სიტყვით გამოსვლისას, წერილს უწოდა "ამაზრზენი მოწოდება, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ნებაზე" და განაცხადა, რომ ის შედგენილია "ჩვენ მიმართ მუქარისა და დადანაშაულების მიზნით".
მთიან ყარაბაღს, - რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, მაგრამ ის უმეტესად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, - სამი ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდნენ ეთნიკური სომხები. მას შემდეგ, რაც ბაქომ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა, რუსეთსა და სომხეთს შორის კავშირები დაძაბულია.
ერევანი მოსკოვს ადანაშაულებს ვალდებულებების უგულებელყოფაში მას მერე, რაც მთიან ყარაბაღში 2020 წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განლაგებული რუსი სამხედროები არ ჩაერივნენ ბაქოს სწრაფ, გამარჯვების მომტან სამხედრო შეტევაში.
ასევე ნახეთ რატომ ჩავიდა პუტინი ბაქოში