უნივერსიტეტი ელოდა, რომ რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ ავტორიზაციას 6 წლით და უპირობოდ მიიღებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ავტორიზაციის მისაღებად სახელმწიფო მას ერთი წლის შემდეგ კიდევ შეამოწმებს.
ექსპერტთა საბჭოს რამდენიმე თვის მუშაობის შეფასებით, უნივერსიტეტი 7 სტანდარტიდან შვიდივეს სრულად აკმაყოფილებდა.
ექსპერტთა საბჭოს შეფასება ავტორიზაციის პროცესის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია - როგორც წესი, სწორედ მათ დასკვნას ემყარება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება.
ილიას უნივერსიტეტს და აკადემიურ სფეროს უსამართლობის შეგრძნება იმან გაუჩინა, რომ ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტთა საბჭოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი სტანდარტო მოთხოვნებთან ნაწილობრივად შეუსაბამოდ მიიჩნია. საბჭომ ისე გადაწყვიტა უნივერსიტეტის ხელახლა შემოწმება, რომ არ განუმარტავს, კონკრეტულად რის შემოწმება ჩათვალა აუცილებლად.
„საბჭოს გადაწყვეტილებამ ზიანი მიაყენა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის ნდობას და საერთაშორისო რეპუტაციას“, - დაწერა ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ფეისბუკზე ავტორიზაციის საბჭოს საპასუხოდ.
„[...] ილიაუნი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე 14 ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამას ახორციელებს გლაზგოს, ტარტუს, გენტის, გიოტინგენის, მიუნსტერის, პორტოს, მონპელიესა და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. ილიაუნისა და ამ ევროპული უნივერსიტეტების მიერ გაცემული ერთობლივი და ორმაგი დიპლომებია სწორედ ხარისხის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო რეპუტაციის ინდიკატორი და არა ის საბჭო, რომელიც ამ ნდობას, აღიარებას ანადგურებს“, - ამბობს სასწავლებლის რექტორი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეფერხება არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ თავად ხარისხის შემოწმების სისტემას აყენებს დარტყმას.
ასევე ნახეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს - ილიაუნიუნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით ხდება - 7 სტანდარტით და 23 ქვესტანდარტით, რაც გულისხმობს ყველაფრის შეფასებას, უნივერსიტეტის მისიიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ფასდება სასწავლო პროგრამები, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, კვლევითი საქმიანობა, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სტუდენტების მხარდაჭერის ღონისძიებები.
საბოლოოდ ავტორიზაციის საბჭო ექსპერტების დასკვნის, დაწესებულების დოკუმენტების, არგუმენტირებული პოზიციისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე იღებს ამ ოთხიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
- ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს უპირობოდ;
- ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს, თუმცა აქვს ვალდებულება ერთი წლის შემდეგ წარადგინოს თვითშეფასების ანგარიში, სადაც აღწერს როგორ შეასრულა ექსპერტთა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები;
- ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს, მაგრამ 2-3 წლის პერიოდში ხელახლა ჩატარდება სავალდებულო მონიტორინგი (ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა სავალდებულო აღარ არის);
- უნივერსიტეტს ავტორიზაცია ენიჭება, მაგრამ ერთმევა ახალი სტუდენტების მიღების უფლება;
- უნივერსიტეტი ვერ იღებს ავტორიზაციას.
„ყველანაირი პროცედურა დარღვეული იყო და განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყო სრულიად არაადეკვატური, რაც, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვს, რომ ხარისხის შეფასების მიღმა არის სხვა ინტერესები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და განათლების ექსპერტი, ქეთი ცოტნიაშვილი.
ის ესწრებოდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომას, სადაც ილიაუნის საბჭოს გადაწყვეტილება გამოუცხადეს. ეს სხდომა დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა. მას არ ესწრებოდა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, კახა შენგელია. მის მოვალეობას 26 სექტემბრის სხდომაზე ასრულებდა ზურაბ ორჯონიკიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი.
კახა შენგელია, ყოფილი პარლამენტარი [2004-2008 წლებში] და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტია. 2023 წელს მან გია კავთელიშვილთან ერთად 10 მილიონ დოლარად იყიდა შავი ზღვის უნივერსიტეტი. 2024 წლის მაისში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციებისას, როგორც კავკასიის, ისე შავი ზღვის უნივერსიტეტები უერთდებოდნენ რექტორთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ აკადემიურ სივრცეში პოლიტიკის ადგილი არ არის. ორივე უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოები ამ განცხადებას მალევე გაემიჯნენ. 2024 წლის გაზაფხულზევე კავკასიის უნივერსიტეტი არაერთმა პროფესორმა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კახა შენგელიამ სამსახურიდან გაათავისუფლა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, რომელიც მას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა. |
„[ საბჭოს სხდომაზე] კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ შეფასება, რომელიც ექსპერტებმა გააკეთეს, უნდა დარჩენილიყო, არ არსებობდა, - ჰყვება ქეთი ცოტნიაშვილი, - განხილვის შემდეგ კენჭისყრა, რომელიც ფარულია, გაგრძელდა საჭიროზე გაცილებით დიდხანს, დაახლოებით 15 წუთს და კენჭისყრის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი ერთი წლის შემდეგ მონიტორინგის გზით უნდა გადამოწმდეს“.
ქეთი ცოტნიაშვილიც და საბჭოს სხდომაზე დამსწრე სხვა ადამიანებიც ამბობენ, რომ საბჭოს თავმჯდომარეს არანაირი არგუმენტი არ მოუყვანია გადაწყვეტილების დასასაბუთებლად და თქვა მხოლოდ ის, რომ ყველაფერი ჩაიწერება ოქმში, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება.
„ოქმში მხოლოდ ის შეიძლება აისახოს, რაც განხილული იყო საჯარო სხდომაზე“, - ამბობენ განათლების სპეციალისტები.
ილიას უნივერსიტეტი აპირებს, ამ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გამოიყენოს პირველ რიგში აპელაციის ადგილობრივი რესურსი და თუ საჭირო გახდა, საერთაშორისო ხარისხის მართვის ორგანიზაციებსაც მიმართოს.
საქართველოში გასაჩივრებისას, იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო საბჭო პროცედურულ დარღვევას დაადგენს, გადაწყვეტილებას თავად არ იღებს და საკითხს განსახილველად კვლავ ავტორიზაციის საბჭოს უბრუნებს. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვა გზაც - დავა სასამართლოში.
სააპელაციო საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ზურაბ ორჯონიკიძე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საბჭოს შეხვედრას, სამმა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრმა დანიშნა 2021, 2022 და 2024 წლებში. ავტორიზაციის მოქმედი საბჭოს წევრია დავით ლეშკაშელი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ბოლო, 170-ე ნომერი. რამდენიმე საბჭოს შემადგენლობაში იყო და მოქმედ საბჭოშიც იკავებს ადგილს ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, განათლების ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ყოფილი მოადგილე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი. |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არაერთმა ადამიანმა გაიხსენა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 15 მაისს გავრცელებული განცხადება, რომლითაც უნივერსიტეტებს აფრთხილებდნენ, რომ თუ საპროტესტო აქციაზე მყოფ სტუდენტებს გაფიცვის უფლებას მისცემდნენ, აკრედიტაციისას პრობლემები შეიძლება შექმნოდათ. მუქარის შემცველმა ტექსტმა უკმაყოფილება გამოიწვია თავად ცენტრის თანამშრომლებს შორისაც, რომელთა ნაწილი ცენტრის ოფიციალურ პოზიციას საჯაროდ გაემიჯნა.
ასევე ნახეთ განათლების ხარისხის ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება
ამ განცხადების გავრცელებამდე, ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომლის რექტორსაც ხელი არ მოუწერია რექტორთა საბჭოს წერილზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ აკადემიური სფერო პოლიტიკური პროცესების მიღმა უნდა დარჩეს.
ასევე ნახეთ რექტორთა საბჭო განცხადებით ემიჯნება სტუდენტების გაფიცვას - წერილი გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა
ამ ორი ფაქტის გარდა, გაიხსენეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედიის მიერ აგორებული მადისკრედიტებელი კამპანია, რომელიც მისი პირადი ტრაგედიით მანიპულირებდა, და ილიას უნივერსიტეტის პროფესორების შეხედულებებით უკმაყოფილო ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები.
ყველა ეს გარემოება საზოგადოების ნაწილს უჩენს კითხვას, ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული?
„გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა ინტერვენციას უნივერსიტეტის ავტონომიაში. ეს ქმედება, ფართო კონტექსტში განხილვისას, შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა, დამყარდეს პოლიტიკური კონტროლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და აკადემიურ თავისუფლებაზე. ასეთი მიდგომა ფუნდამენტურად შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან“, - წერია ილიას უნივერსიტეტის მხარდასაჭერად გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის 300-მდე წარმომადგენელი აწერს ხელს.
„ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას ქვეყანა 19 წელი აშენებდა და მისი დისკრედიტაცია ძალიან ცუდია. თუმცა ამ ამბავს აქვს გარდა ლოკალური და ეროვნული განზომილებისა, საერთაშორისოც. ჩვენ რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გვაქვს, ეს ჩვენი ახირება კი არ არის, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა ევროინტეგრაციის გზაზე.
როცა ასეთი პრეცედენტი ხდება, ეს ეჭვქვეშ აყენებს უკვე ამ ჩვენს წევრობას ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტრუქტურებში და ამან საბოლოოდ შეიძლება მიგვიყვანოს დიპლომების აღიარების პრობლემამდე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და უმაღლესი განათლების ექსპერტი ირინე დარჩია.
ის თვლის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევის გაიგივება იმასთან, რაც ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის შემთხვევაში მოხდა, არაზუსტია იმის მიუხედავად, რომ ამ ორივე უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა დროს აკრედიტაციის პროცესში შექმნილი პრობლემებიც პოლიტიკური მოტივაციით აიხსნებოდა.
ასევე ნახეთ IBSU-ს პრობლემები - ბიზნესინტერესები, პოლიტიკა თუ ფინანსები?როგორც თავისუფალის და აგრარულის, ისე შავი ზღვის უნივერსიტეტების შემთხვევაში პოლიტიკურ მოტივზე საუბრის საშუალებას იძლეოდნენ მათი დამფუძნებლები. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, კახა ბენდუქიძე იყო, რომელმაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო დატოვა, შავი ზღვის უნივერსიტეტის უკან კი თურქი ბიზნესმენები იდგნენ, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის მწვავე ოპონენტის და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულა გიულენის მიმდევრებად ითვლებიან.
ასევე ნახეთ აგრარული უნივერსიტეტი კითხვის ნიშნით
„წინა ორ შემთხვევაში ვითარება არ იყო ასეთი ცალსახა. ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნებში გამოვლენილი იყო გარკვეული ხარვეზები, რაც გარკვეულწილად იძლეოდა მკაცრი შეფასების საფუძველს. ანუ წინაპირობა ავტორიზაციის მკაცრი გადაწყვეტილების არსებობდა, უბრალოდ პოლიტიკური მდგენელები რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ეს გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო მიღებული. ილიაუნის შემთხვევაში სამთვიანი მუშაობის შედეგად ექვსკაციანმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც 2 უცხოელი ექსპერტი შედიოდა, ვერცერთი სერიოზული დარღვევა ვერ იპოვა“, - ამბობს ირინე დარჩია, რომელიც თვლის, რომ ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭომ, გარდა იმისა, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, უფლებამოსილებასაც გადააჭარბა.
რადიო თავისუფლებამ ავტორიზაციის საბჭოს 16 წევრიდან ათამდე წევრს მეილით გაუგზავნა კითხვები ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარის მისაღებად - არცერთ მათგანს პასუხი არ გაუცია. რამდენიმეს ტელეფონით ვთხოვეთ ინტერვიუ, რომელზეც არცერთი არ დაგვთანხმდა.
რადიო თავისუფლებას აინტერესებდა:
- რატომ არ განმარტა საბჭომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი,
- რატომ ჩათვალა საბჭომ საჭიროდ უნივერსიტეტის შემოწმება ერთი წლის შემდეგ,
- ექსპერტთა საბჭოს მიერ მომზადებულ დასკვნაში რას არ დაეთანხმა აკრედიტაციის საბჭო.
ასევე რადიო თავისუფლებას აინტერესებდა საბჭოს წევრების კონტრარგუმენტები იმ მოსაზრებაზე, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის პროცესს შესაძლებელია იყენებდეს პოლიტიკურ იარაღად.
ილიას უნივერსიტეტის შემთხვევამდე ავტორიზაციის საკითხით „ვაჭრობად“ შეფასდა მანამდე თბილისის კონსერვატორიაში განვითარებული მოვლენები. კონსერვატორიის ყოფილმა რექტორმა, ნანა შარიქაძემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ კულტურის მინისტრი მას კონსერვატორიისთვის ავტორიზაციის პროცესში პრობლემების შექმნით დაემუქრა. უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ პერსონალს კი ახალი რექტორის არჩევის შემთხვევაში ბიუჯეტის გაზრდას დაჰპირდა. მაშინ კონსერვატორიამ სამინისტროსგან წნეხის პარალელურად შეაჩერა სამი სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია. ამ პროგრამებს, ისევე როგორც ილიუნის შემთხვევაში, ექსპერტების დადებითი შეფასება ჰქონდა.
საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრობლემაზე ჯერ კიდევ წლების წინ წერდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსლის ცენტრი.
„ექსპერტთა ჯგუფი შეშფოთებული იყო იმით, რომ მინისტრს შეუძლია დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება შედარებით ბუნდოვანი საფუძველით. ცენტრის დირექტორი ხშირად იცვლება ბოლო წლების განმავლობაში.
დირექტორის ბევრი ცვლილების ისტორია ხშირად თან ახლდა ახალი მინისტრის დანიშვნას, ხოლო ოპერაციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ზომები ექსპერტთა ჯგუფს სრულად ვერ არწმუნებს ორგანიზაციულ დამოუკიდებლობაში“, - ესაა ფრაგმენტები ამ დოკუმენტიდან, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესში ჩართული პირები შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამინისტროს გულის მოგებას ცდილობდნენ და გაცემულია რეკომენდაცია მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
უზრუნველყოფილ უნდა იქნას აბსოლუტური დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან, რათა მინისტრს არ ჰქონდეს უფლებამოსილება გაათავისუფლოს დირექტორი ან საბჭოს წევრი სერიოზული მიზეზების გარეშე, რომელთა გარემოებანიც უფრო გამჭვირვალედ უნდა განისაზღვროს, ვიდრე უბრალოდ „შეუსაბამო ქმედება“.
ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე რამდენიმე კვირით ადრე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა კახა ერაძემ. ილიაუნისთვის ავტორიზაციის პირობით მინიჭების შემდეგ კი გადადგა განათლების მინისტრი - არცერთ ამ გადაწყვეტილებას განათლების სპეციალისტები ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებულ პროცესებთან არ აკავშირებენ. 2 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრის პოსტზე წარადგინა ალექსანდრე წულაძე, ყოფილი მოსამართლე და განათლების ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვარის ყოფილი მოადგილე, ბოლოს სწორედ ის იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. |
განათლების სპეციალისტებს არაერთი შემთხვევა ახსენდებათ, როცა საბჭოს წევრებმა სადავო გადაწყვეტილება მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის შეფასების პროცესში. ერთ-ერთ მაგალითად ქეთი ცოტნიაშვილს ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევა მოჰყავს, რომელზეც აკრედიტაციის საბჭომ ილიაუნის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შემთხვევაში საბჭო სრულიად სხვა გზით წავიდა და ექსპერტების შეფასებებს მოუმატა. ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა მხოლოდ ერთი რეკომენდაცია და 12 რჩევა - რეკომენდაცია არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი საკითხი. ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში იყო 40-ზე მეტი რეკომენდაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ სტანდარტთან არ ჰქონდა სრული შეფასება. ილიას უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ტექნიკური უნივერსიტეტი ხელახალ მონიტორინგს არ დაექვემდებარება ერთი წლის შემდეგ და მხოლოდ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ცოტნიაშვილი.
საბჭოს სადავო გადაწყვეტილებებიდან კიდევ ერთი, რასაც არაერთი ადამიანი იხსენებს, ვებსტერის უნივერსიტეტია. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის პროცესში ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, 7 კომპონენტიდან ოთხში საერთოდ არ შეესაბამებოდა კანონით მოთხოვნილ სტანდარტს, ავტორიზაციის საბჭომ მას მაინც მიანიჭა სრულფასოვნად ფუნქციონირების უფლება.
იმ დროს, როცა ვებსტერის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი წყდებოდა, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტს მწვავე პრობლემა ჰქონდა აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციის თანამშრომლების თვალსაზრისით, არ გააჩნდა ხარისხის უზუნველყოფის მყარი საფუძვლები და წარმატების გაზომვადი ინდიკატორები, ცენტრალური გათბობის სისტემით უზრუნველყოფილი შენობაც კი არ ჰქონდა სასწავლო პროცესისთვის.
არაერთგვაროვანი შეფასების მაგალითად შეიძლება დასახელდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელსაც ექსპერტები შედარებით მკაცრად აფასებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შვიდ ქვესტანდარტს ის სრულად ვერ აკმაყოფილებდა, თუმცა საბოლოოდ ავტორიზაცია ყველანაირი პირობის გარეშე მიიღო.