რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას, მოსკოვში შეხვდა. ლავროვმა შამბას მიულოცა „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღე, რომელიც სოხუმში 30 სექტემბერს აღნიშნეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას... გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად აფხაზეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა აღნიშნა სირიასა და ნიკარაგუაში რუსეთისა და აფხაზეთის დიპლომატიურ მისიებს შორის ყოველდღიური თანამშრომლობის შესახებ.
„პრინციპული პოზიცია გვაქვს ჟენევაში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიებში და ხელს ვუწყობთ ხელშეკრულების გაფორმების საკითხის წამოწევას, რომელიც საიმედოდ დაიცავს უსაფრთხოებას, სტაბილურობას ამ რეგიონში რეალობის აღიარების საფუძველზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ჩათვლით“, - დაამატა მან.
სერგეი ლავროვმა „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სხვა, სამუშაო პროცესში მყოფი დოკუმენტებიც ოპერატიულად იქნება შეთანხმებული. მოსკოვმა სადავო პროექტების შეთანხმების მოთხოვნით 1 სექტემბრიდან შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება.
ლავროვი დღეს, 4 ოქტომბერს, ასევე შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელს. გარდა ამისა, შედგა სამმხრივი შეხვედრა ლავროვსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლიდან მიღებული გადაწყვეტილება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, არ გადაიხედება“.
ასევე ნახეთ ლავროვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთზე: 2008 წლის გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარებამანამდე საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის მზაობაზე, დაეხმაროს თბილისს “მეზობლებთან", "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", დაახლოებაში. პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.
ასევე ნახეთ ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ კალაძეს უპასუხასოხუმსა და ცხინვალში, კალაძის სიტყვების კომენტირებისას, კვლავ მოუწოდეს საქართველოს, აღიაროს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე კონსტანტინ ზატულინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო НСН-ს რამდენიმე დღის წინათ განუცხადა, რომ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ასევე ნახეთ "ოცნება" ლავროვის განცხადებას მიესალმა - რა იგეგმება შემდეგ?