მარჩელო მასტროიანის თეთრი ღამეები

რეჟისორ ლუკინო ვისკონტის 1957 წლის ფილმი „თეთრი ღამეები“

კიარა მასტროიანი, კატრინ დენევისა და მარჩელო მასტროიანის შვილი, ვფიქრობ, უკმაყოფილო დატოვებდა წლევანდელ კანის კინოფესტივალს, რომლის საკონკურსო პროგრამაში ჩართული „ჩემი მარჩელო“ (რეჟისორი კრისტოფ ონორე) ფაქტობრივად ჩააგდო საერთაშორისო პრესამ. არადა, ფილმს, რომელიც როგორც ვხვდები მარჩელო მასტროიანის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა, რეკლამა არ აკლდა. ამბავი კიარაზე, რომელმაც გადაწყვიტა გამოეწყოს მამის ტანსაცმელში და გახდეს... მარჩელო მასტროიანი, ოდნავ რომ განზოგადებულიყო (და გაღრმავებულიყო), ქალთა უფლებების დამცველების გულს მაინც მოიგებდა. მაგრამ გამოვიდა ერთი ჩვეულებრივი მასხარაობა, რომელიც თავად მარჩელო მასტროიანის მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპებით იყო სავსე. ამდენი დრო გავიდა, მაგრამ მისი ნიჭის საიდუმლო მგონი ვერავინ ამოხსნა. დღესაც გაუგებარია, როგორ შეძლო ამ კაცმა აბსოლუტურად განსხვავებული სტილის რეჟისორებთან მუშაობა.

„თეთრი ღამეები“ (იტალია, 1957, რეჟისორი ლუკინო ვისკონტი)

იქნებ თვითირონია ეხმარებოდა? რაღაცნაირი, არასერიოზული დამოკიდებულება საკუთარი პოპულარობის მიმართ? აკი ერთხელ დაწერა კიდეც: „ვერაფრით ვხვდები, რატომ ამომიჩემეს ამ რეჟისორებმა. გარეგნობა არ მივარგა, არც ისე კარგი მსახიობი ვარ, არც შრომისმოყვარეობით გამოვირჩევი. იმას ვაკეთებ, რასაც მიბრძანებენ. სულ ესაა“.

დავუშვათ, არ კეკლუცობდა და გულწრფელი იყო. იმას როგორღა ახსნიდა, რომ ეს განსხვავებული რეჟისორები მსახიობის მნიშვნელობასაც განსხვავებულად აღიქვამდნენ. შესაბამისად, „ბრძანებასაც“ ყოველთვის არ გასცემდნენ და მას, არა მარტო როგორც უბრალოდ მსახიობს, არამედ როგორც პიროვნებას, როგორც ინტელექტუალს ენდობოდნენ? როგორ ახსნიდა იმას, რომ არტისტი, რომელმაც ლუკინო ვისკონტის სპექტაკლებით გაითქვა სახელი, რომელიც მთლიანად მოერგო ვისკონტის და საერთოდ, ნეორეალისტების სტილს, 60-იან წლებში ფედერიკო ფელინის ალტერ ეგო გახდა და ორივესთან გააგრძელა თანამშრომლობა?

მარჩელო მასტროიანის ბიოგრაფიაში ამ მხრივ საინტერესოა სწორედ 50-იანი წლების მიწურული, როცა ვისკონტის „თეთრი ღამეების“ პრემიერის შემდეგ მსახიობი დათანხმდა ფელინის „ტკბილ ცხოვრებაში“ გადაღებაზე. ზუსტად იმ დროს, როცა „პოსტნეორეალიზმის ეპოქაში“ ორი დაპირისპირებული სტილი გამოიკვეთა - ვისკონტის და ფელინის. ეს კონტრასტი იმხანად ჯერ კიდევ არ იყო გააზრებული. მეტიც, „თეთრ ღამეებს“, რომელშიც ოცნებების მსხვრევის თემა წამყვანია, ბევრი „კაბირიას ღამეებს“ ადარებდა. მაგრამ „ტკბილმა ცხოვრებამ“ ყველაფერი შეცვალა. იტალია „ფელინისტებად“ და „ვისკონტისტებად“ დაიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ გენიოსს არაერთი დიდი ხელოვანი აერთიანებდათ - კომპოზიტორი ნინო როტა, ოპერატორი ჯუზეპე როტუნო, კლაუდია კარდინალე... და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მარჩელო.

ასევე ნახეთ გახლეჩილი აპრილი

„თეთრ ღამეებს“ კინოს ისტორიკოსები დღემდე დოსტოევსკის ნაწარმოებების საუკეთესო ეკრანიზაციად მიიჩნევენ (თუმცა ბევრია ისეთი, ვინც პირველ ადგილზე აკირა კუროსავას „იდიოტს“ აყენებს, ზოგს კი ამავე მოთხრობის მიხედვით გადაღებული რობერ ბრესონის „მეოცნებეს ღამეები“ მოსწონს). ვისკონტის უყვარდა თავისუფალი ეკრანიზაციები. მოგვიანებით თომას მანის გუსტაფ ფონ აშენბახი კომპიზოტორის სახით წარმოგვიდგინა და „სიკვდილი ვენეციაში“, შეიძლება ითქვას, გაამდიდრა თომას მანის სხვა ნაწარმოებებით. მაგრამ „თეთრ ღამეებში“ კიდევ უფრო რადიკალური აღმოჩნდა - გადაიტანა მოთხრობის მოქმედება ომისშემდგომ იტალიაში, შეცვალა ზაფხულის პეტერბურგი ზამთრის ლივორნოთი, თეთრი ღამეები კი, უბრალოდ, უძილო ღამეებით, სადაც სულ მალე უნდა მოთოვოს.

ამბავი და დიალოგები თითქმის უცვლელადაა გადმოტანილი მოთხრობიდან. ახალგაზრდა კაცს, მარიოს, რომლის როლსაც მასტროიანი ასახიერებს, შეუყვარდება მეოცნებე ქალი, მარია შელის შესრულებით. ნატალიას სხვა უყვარს, კაცი, რომელიც ერთი წლის წინ გაუჩინარდა. მაგრამ, როგორც კი მზად ხდება უპასუხოს მარიოს გრძნობას, გამოჩნდება შეყვარებული (ჟან მარე). მარიო ისევ მარტო რჩება.

არსებითად, ეს შეყვარებული რეალური ადამიანიც არაა, უფრო მოჩვენებაა, ღვთაებრივი პრინცის მონატრება. თავიდან ასეც იყო ჩაფიქრებული - ჟან მარეს პერსონაჟი საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო ფილმში. მაგრამ ვისკონტის, ეტყობა, სურდა დაეკონკრეტებინა, როგორია ის საოცნებო კაცი, რომლის მოლოდინში ნატალიამ ერთი წელი გაატარა. „თეთრი ღამეების“ პრემიერამდე ერთი წლით ადრე ეკრანებზე გამოვიდა ვისკონტის მასწავლებლის, ჟან რენუარის ფილმი „ელენა და მამაკაცები“, რომელშიც რენუარი არ ერიდება ჟან მარე-მაჩოს კინოში დამკვიდრებული სახის პაროდირებას. „თეთრ ღამეებში“ ვისკონტი სწორედ რენუარის ხაზს მიჰყვება.

„თეთრი ღამეები“ - ეს არის ფილმი აჩრდილებზე, ორეულებზე, არარეალურის, მოგონილის რწმენასა და ილუზიებში ცხოვრებაზე. შესაბამისად, გარემო, რომელიც „თეთრ ღამეებში“ ზოგჯერ პერსონაჟებზე უფრო მნიშვნელოვანია, წარმოდგენილია როგორც ხილვა, მარტოობისა და მოწყენილი ცხოვრებისგან კონსტრუირებული ჯადოსნური ქალაქი-აჩრდილი, ხელოვნური ნისლით და გაბნეული შუქით (ძირითადად დეკორაციებში გადაღებული), რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ვისაც ლუკინო ვისკონტის შემოქმედება გიყვართ, „თეთრი ღამეები“ აუცილებლად გაგახსენებთ მის გვიანდელ შედევრებს „ლუდვიგი“, „სიკვდილი ვენეციაში“, „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“. სამივე ფილმის ერთ-ერთი ძირითადი თემა ესაა სწორედ - სინამდვილის და ხილვის, ბუნებრივის და ხელოვნურის კონფლიქტი. ყველაფერი კი „თეთრი ღამეებით“ დაიწყო, ფილმით, რომელშიც ვისკონტი ნეორეალიზმს კი არ ემიჯნება, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს, არამედ სწორედაც რომ პირიქით, ყველაფერს, რაც მოგონილია, ილუზორულია, მარტოობის დასაძლევადაა აკვიატებული, ზამთრის ნისლში ხვევს და გვტოვებს ცოცხალ ადამიანთან, მარიოსთან ერთად.

რა თქმა უნდა, ეს როლი მასტროიანის უნდა განესახიერებინა. მარჩელოს შეუძლია ბუნებრიობა მიანიჭოს ყველაზე ხელოვნურს, მოგონილს, არარეალურს. ცეკვის ეპიზოდი და მისი რეაქცია ჟან მარეს პერსონაჟის გამოჩენაზე დიდი ხანია „არტეფაქტად“ იქცა კინოს ისტორიაში. მასტროიანი აქ, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადარჩენის სიმბოლოა.

„თეთრი ღამეები“ 1957 წელს წარდგენილი იყო ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც „ოქროს ლომი“ წააგო სატიაჯიტ რეის „აპარაჯიტოსთან“. ამ მარცხის შემდეგ მასტროიანის უთქვამს: „როგორც ჩანს, იმდენად უნიჭო ვარ, რომ მხოლოდ ტაქსის მძღოლების როლები გამომდისო“. არადა, მარჩელოს ფილმოგრაფიას თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ სწორედ „თეთრი ღამეების“ შემდეგ გახდა ვარსკვლავი, სწორედ „თეთრი ღამეების“ შემდეგ დაიწყო მისი „ტკბილი ცხოვრება“.

ფილმის ორიგინალური ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით

ფილმის რუსულად გახმოვანებული ვერსია