ე.წ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას 3 ოქტომბერს ავრცელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამომავალი „Сапа”. გამოცემის ინფორმაციის წყაროა "უსაფრთხოების ძალები“.
საუბარია სოფელ პატარა მეჯვრისხევის მცხოვრებლებზე, სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურზე, რომლებიც 16 სექტემბერს დააკავეს.
„ძლიერ დათვრნენ, შემდეგ უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი და სცადეს სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის დემონტაჟი. სერგომ და იასონმა თავიანთი გამოხდომა, ხატოვანი, უცენზურო ბოდვის თანხლებით, ტელეფონით გადაიღეს“, - წერს გამოცემა “Сапа”.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მალევე „გააძევეს“ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა მოგვიანებით განმარტეს, რომ ისინი დააკავეს.
„მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ემუქრებათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გზით პირთა ჯგუფის მიერ)“, - განაცხადა ეგორ კოჩიევმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გაავრცელა.
ასევე ნახეთ გორის სოფელ მეჯვრისხევთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - სუსი