WIZZ AIR-ის მგზავრებს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენები აღარ უჩანთ

საილუსტრაციო ფოტო. WIZZ AIR-ის ბორტი

WIZZ AIR-ის მგზავრებს, რომლებმაც შვიდი ქალაქის მიმართულებით ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის ან იანვრის ბილეთები იყიდეს, ფრენები აღარ უჩანთ. როგორც ისინი ფეისბუკჯგუფში წერენ, ფრენა გაუუქმდათ, თუმცა მიზეზი არ იციან.
  • „ფრენა გამიუქმდა, გადაცვლა ვცადე და არ გადამიცვალა, Refund მოვითხოვე და კრედიტი დამიბრუნა მხოლოდ, ვერ ვხდები რა ხდება ამ დროს ვინმემ იცით?!“
  • „მე და ჩემი დაქალი თავს ვიწყნარებთ, რომ ძლივს შვებულება დადასტურებული ხალხი არ ვრჩებით ისე და „ვიზეარს“ პროგრამული ხარვეზი აქვს. 17 ოქტომბრის ათენი თქვენთანაც გაუქმებულად ჩანს?“
  • „ქუთაისი-ბრიუსელი გაგიუქმდათ 27 ოქტომბერს?“
  • „მშვიდობა აქვს „ვიზეარს“? ეს ამდენი ფრენა რატომ გაუქმდა?“ - წერენ მომხმარებლები.

ავიაკომპანიის ვებსაიტზე ფრენები აღარ იძებნება ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფურტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი (მხოლოდ ოქტომბერი).

ფრენები ისევ ჩანს შემდეგი მიმართულებით: ვენა, ლარნაკა, პრაღა, პარიზი, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, თესალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ვილნიუსი, კატოვიცე, ვარშავა, ბარსელონა, აბუ-დაბი.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამქრალ ფრენებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. განმარტება ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ.

„ამჟამად ტექნიკური პრობლემები გვაქვს, რომლებსაც გავლენა აქვს დაჯავშნის სისტემაზე. თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან შენიშნოთ ცვლილებები აპლიკაციაში. გთხოვთ უგულებელყავით. ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი პრობლემა მოგვარდება“, - ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ.

ასევე ნახეთ Wizz Air-ი გამქრალ ფრენებზე განმარტებას ავრცელებს

ტექსტი განახლდა ავიაკომპანიის ვებსაიტზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.