ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტით 3 ოქტომბერს კიევს ეწვია და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
ნატოს ახალი გენერალური მდივნის თანახმად, ალიანსის ამოცანა უკრაინის დახმარების გაძლიერებაა. რუტემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს თავის დაცვის უფლება, რაშიც საერთაშორისო სამართალი მის მხარეზეა.
რუტეს თქმით, კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გრძელ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით იერიშების დაწყების ნებართვას ნატოს წევრი ქვეყნები რამშტაინის ფორმატში განიხილავენ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 12 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინას მიაწოდონ გრძელ მანძილზე მოქმედი უფრო მეტი იარაღი.
"ჩვენს რეგიონში პარტნიორების მხრიდან მეტი მონდომებაა ის, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს რუსულ ტერორს", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ქალაქ უგლედარიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უკანდახევის კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენა. "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ (ჯარისკაცების) სიცოცხლეზე, რადგან ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი შენობა", - თქვა ზელენსკიმ.