ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, ევროკომისია, უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში და აცხადებს, რომ უნგრეთში ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ ახლახან მიღებული კანონი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც დღეს, ხუთშაბათს, გამოქვეყნდა.
კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გასული წლის დეკემბერში მიიღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია "ფიდესის" ინიციატივით.
სხვა საკითხებთან ერთად, კანონი კრძალავს პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას და ადგენს სისხლის სამართლის ჯარიმებს აკრძალვის დარღვევისთვის. კანონი ითვალისწინებს სუვერენიტეტის დაცვის სპეციალური სამთავრობო დეპარტამენტის შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პოლიტიკაზე სავარაუდო გარე გავლენას.
ორბანის მომხრეები აცხადებდნენ, რომ კანონი აუცილებელი იყო ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად. თავად ორბანმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულა უცხოელი აქტორები, პირველ რიგში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ორბანი განსაკუთრებით აქტიურად აკრიტიკებდა უნგრეთში დაბადებულ ამერიკელ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსს.
ორბანის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონი პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით მიიღო უნგრეთის ხელისუფლებამ, რომელსაც უნგრეთის ოპოზიცია და ევროკომისია ხშირად ადანაშაულებენ დემოკრატიული ნორმების დარღვევაში.
სადავო კანონის მიღების შემდეგ, ევროკომისიამ ორჯერ მოუწოდა უნგრეთის ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. „ეს საჩივრები ეხება ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით გათვალისწინებულ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროკომისია მართალია, უნგრეთს შესაძლოა დიდი ჯარიმა დაეკისროს.
მანამდე ევროკავშირმა უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევრო დააყადაღა, ბუდაპეშტის მიმართ კანონის უზენაესობის დარღვევის ბრალდებებთან დაკავშირებით. თანხის ნაწილს შემდგომში ყადაღა მოეხსნა, მაგრამ ნაწილი კვლავ გაჩერებულია ბრიუსელის მიერ. უნგრეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისა და კავშირის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებებს რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინისათვის სამხედრო დახმარების საკითხზე.
ასევე ნახეთ არც ჭურვები და არც სხვა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის - უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიცია უცვლელია