CNN: ჰეზბოლას პეიჯერებში დანაღმული იყო ლითიუმის ბატარეები

პოლიციელი ათვალიერებს ავტომანქანას, რომელში მჯდომ პირს პეიჯერი ხელში აუფეთქდა. 17 სექტემბერი, 2024 წელი

ლიბანში მოქმედი სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას პეიჯერებში, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებში აფეთქდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოთავსებული იყო კვების ბლოკში, ბატარეებში. ამის შესახებ იტყობინება ტელეარხი CNN-ი, რომელიც ლიბანის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ორ პირს იმოწმებს.

ასევე ნახეთ ნეთანიაჰუ: ისრაელი გააგრძელებს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს

CNN-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ნაღმი ბატარეებში ისეთი რთული მეთოდით იყო დამალული, რომ მისი აღმოჩენა ძნელი იყო. მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის შემოწმება გაიარა პეიჯერებმა ქვეყანაში შეტანის წინ.

მეორე წყარომ გამოცემას უამბო, რომ დაათვალიერა ერთი პეიჯერი და დააკვირდა, როგორ აფეთქდა. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება პეიჯერის ლითიუმის ბატარეაში იყო მოთავსებული. ის აცხადებს, რომ ასეთი რამ არასოდეს უნახავს.

დოკუმენტში, რომელსაც CNN-ი გაეცნო, წერია, რომ ლიბანის ხელისუფლების აზრით, მოწყობილობები აფეთქდა ელექტრონული შეტყობინების მიღებისას.

გასულ კვირაში ლიბანში ერთდროულად აფეთქდა საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებსაც ჰეზბოლას წევრები იყენებდნენ შიდა, დაშიფრული კომუნიკაციებისთვის. ლიბანის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანახმად, აფეთქებების დროს დაიღუპა 37 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. დაშავდა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, ბევრი მათგანი შემთხვევითი სამოქალაქო პირი იყო.

ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი აფინანსებს და მხარდაჭერას უწევს, ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი პირდაპირ არ გაუკეთებია. თუმცა, CNN-ის მონაცემებით, აფეთქება ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, "მოსადისა" და მისი არმიის ერთობლივი ოპერაციის შედეგი იყო.

მომცრო მოწყობილობას, პეიჯერს, რომელიც დღეს იშვიათად გამოიყენება, მობილური კავშირგაბმულობის გაჩენამდე მოიხმარდნენ. პეიჯერით შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებების მხოლოდ ცალმხრივად მიღება. მობილური ტელეფონებისგან განსხვავებით, პეიჯერით შეუძლებელია შეტყობინების მიმღების ადგილმდებარეობის გარკვევა.

BBC-ის ცნობით, 2024 წლის თებერვლის შემდეგ ჰეზბოლას მებრძოლები გაფრთხილებული იყვნენ, რომ მორიდებოდნენ მობილური ტელეფონების გამოყენებას.

ასევე ნახეთ პეიჯერებით თავდასხმა - ესკალაციის ახალი ფაზა ჰეზბოლასა და ისრაელს შორის
ასევე ნახეთ ლიბანში რვა ადამიანი დაიღუპა პეიჯერების აფეთქების შედეგად, ასობით დაჭრილს შორისაა ირანის ელჩი