ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 26 სექტემბერს მიიღო.
ილიაუნის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს. უნივერსიტეტი საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო კომისიაში აპირებს.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას“, - ვკითხულობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ილიას უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლით მიენიჭა. ცენტრში დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს და თქვეს, რომ შესაბამისი ოქმი 10 სამუშაო დღეში გამოქვეყნდება.
ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება [ავტორიზაციის ექვსი წლით მინიჭება] მიღებულია ერთი წლის შემდეგ მონიტორინგის პირობით.
განათლების მკვლევარმა სიკო ჯანაშიამ 27 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ილაპარაკა 26 სექტემბერს გამართული ავტორიზაციის საბჭოს სხდომის შესახებ. ჯანაშიას თქმით, ილიას უნივერსიტეტს ე.წ. პირობითი ავტორიზაცია მიანიჭეს.
„25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნა, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს. დამსწრე საზოგადოებას უთხრეს, რომ უნივერსიტეტი მიიღებს „პირობით ავტორიზაციას“ - ასე შეიძლება დავარქვათ, ერთი წლის შემდეგ გაივლის შემოწმებას, რის შემდეგაც გაირკვევა, ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს.
როცა სთხოვეს, რომ განემარტათ მიზეზები, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ორჯონიკიძემ თქვა, რომ უნდა გასულიყო. სავარაუდოდ, იქ ვიღაცას მოეთათბირა. არსებობს ასეთი მოსაზრება თუ ინფორმაცია, რომ დილითაც დაურეკეს მას. შემდეგ ბრუნდება ის ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე და აცხადებს, რომ არ არის ვალდებული, განუმარტოს საზოგადოებას, რატომ იქცევა ასე.
ვერაფრით ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს. ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ავტორიზაციის საბჭოს წევრებიდან მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია“, - თქვა მან.
სიკო ჯანაშიამ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება დაუკავშირა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის სამოქალაქო პოზიციას.
„შარშან, როდესაც პირველად გამოიტანეს „რუსული კანონი“, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ასევე ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ, როდესაც ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას ილიას უნივერსიტეტში ჰქონდა. იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა - მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე. მეორედ როდესაც გამოიტანეს „რუსული კანონი“, მაშინაც ძალიან აქტიურები იყვნენ სტუდენტები და პროფესორების ნაწილმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა იმით, რომ შეეძლოთ ლექციების გაცდენა, რასაც შემდეგ აუნაზღაურებდნენ. ამას მოჰყვა, სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო და დაწერეს წერილი, რომლის თანახმად, უნივერსიტეტების რექტორები ემიჯნებოდნენ პოლიტიკას. მას ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ხელი არ მოაწერა“, - განაცხადა ჯანაშიამ.
ასევე ნახეთ ბერბოკის დახურული შეხვედრა სტუდენტებთან - რისი თქმა სურდათ სტუდენტებს, რომლებიც შეხვედრაზე ვერ მოხვდნენგარდა ამისა, განათლების საკითხების სპეციალისტმა გაიხსენა, რომ „განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობის და თანამშრომლების გვერდის ავლით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის თუ აკრედიტაციის პროცესში. ახლა ამ მუქარას ასრულებს“.
ასევე ნახეთ განათლების ხარისხის ცენტრი უნივერსიტეტებს გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე აფრთხილებს