განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, უნივერსიტეტებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს შეახსენებს, რომ მათი ვალდებულებაა სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგების მიღწევა. იმ შემთხვევაში, თუკი ეს ვალდებულებები არ შესრულდება, ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში პრობლემების შექმნის საფრთხეზე აფრთხილებს.
"არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა", - წერია ცენტრის განცხადებაში.
ამ განცხადებას უკვე მოჰყვა განათლების სპეციალისტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების კრიტიკული გამოხმაურება - ისინი განცხადებას სასწავლებლებზე ზეწოლად აფასებენ და ცენტრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საფრთხეზე საუბრობენ.
ცენტრის განცხადებას ემიჯნება თანამშრომელთა ნაწილიც - ათამდე ადამიანი ფეისბუკზე ღიად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ამ განცხადებაზე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ცენტრი დატოვა დირექტორის მოადგილემ კახა ერაძემ - ერაძე რადიო თავისუფლებასთან ამ ინფორმაციას უარყოფს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების ფონია '"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა. გაფიცული ახალგაზრდები თვლიან, რომ მათი ადგილი ამ დღეებში აქციაზეა და არა აუდიტორიებში.
სტუდენტების გაფიცვას 14 მარტს გამოეხმაურა რექტორთა კონფერენციაც - განცხადებაში, რომელსაც 38 უნივერსიტეტის რექტორები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ სასწავლო დაწესებულებები პოლიტიკური პროცესებისგან დაცლილი სივრცეები უნდა იყოს.
ამ განცხადებაზე ხელმოწერა უკან გამოითხოვა კავკასიის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭომ იმ არგუმენტით, რომ ეს იყო მხოლოდ რექტორის პოზიცია, რაც უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
უნივერსიტეტის ხელმოწერას საერთო განცხადებაზე მიუღებლად მიიჩნევს თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი - ისინი განცხადებით ეხმაურებიან რექტორის ხელმოწერას ამ განცხადებაზე. თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორები წერენ, რომ აქვთ მკაფიო პოზიცია, რომლითაც აპროტესტებენ "რუსულ კანონს" და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტთა პროტესტს.
ფორუმი