შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დამატებით თითქმის 8 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის თავდაცვის საჭიროებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს განაცხადა, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ.
ამ დროს რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე - კიევსა და აღმოსავლეთში - თავდასხმებს.
„აშშ უკრაინას გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად“, - თქვა ბაიდენმა თავის განცხადებაში.
დახმარების პაკეტში პირველად შედის სისტემა სახელწოდებით Joint Standoff Weapon - ზეზუსტი მართვადი ბომბი 130 კილომეტრამდე მოქმედების მანძილით, რომელსაც ავიაგამანადგურებლები გატყორცნიან. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უკრაინას დამატებით მიაწოდოს ანტისაზენიტო Patriot-ის ტიპის სისტემა, Patriot-ის ტიპის ასობით რაკეტა და AMRAAM-ები (თანამედროვე საშუალო მანძილზე მოქმედების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები).
ბაიდენმა, რომელიც თანამდებობას იანვარში ტოვებს, თქვა, რომ ასევე გაფართოვდება F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადება აშშ-ში - მომავალ წელს პროგრამაში დამატებით 18 პილოტი მიიღებს მონაწილეობას.
აშშ უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში. თუმცა უკრაინას შეზღუდვები აქვს დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე.
ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: "ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის”