Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: "ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის”


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. ნიუ-იორკი. 24 სექტემბერი, 2024 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. ნიუ-იორკი. 24 სექტემბერი, 2024 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 სექტემბერს ამ ამპლუაში თავისი ბოლო, გამოსამშვიდობებელი, სიტყვა წარმოთქვა გაეროს ტრიბუნიდან.

ჯო ბაიდენმა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ეს არის მისი მეოთხე გამოსვლა. მან ისტორიას გადაავლო თვალი და თქვა, რომ ომი, შიმშილი, ტერორიზმი და კლიმატის ცვლილება, ასევე დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხე არის გამოწვევები, რომელთა წინაშე საერთაშორისო თანამეგობრობა დგას.

თუმცა, ბაიდენის თანახმად, არსებობს იმედის საფუძველი. მან სახელმწიფოებს მოუწოდა, “წინ აღუდგნენ აგრესიას”. უკრაინაში რუსეთის შეჭრა აშშ-ის პრეზიდენტმა აგრესიის მაგალითად მოიყვანა და განაცხადა, რომ პუტინს უკრაინის განადგურება სურდა, მაგრამ კარგი ახალი ამბავია, რომ "პუტინის ომი ჩაიშალა... უკრაინა კვლავ თავისუფალი ქვეყანაა".

"როგორ მოვიქცევით, მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას თუ შევწყვეტთ დახმარებას და დავუშვებთ ქვეყნის განადგურებას?" - თქვა ბაიდენმა, რომლის თანახმად, აშშ უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა მშვიდობასა და სტაბილურობაზე ახლო აღმოსავლეთში. როცა კიდევ ერთხელ დაგმო ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თავდასხმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, მან აღნიშნა, რომ “ღაზის უდანაშაულო მოქალაქეებსაც ჯოჯოხეთის გადატანა უწევთ”.

ბაიდენის თანახმად, ამ კონფლიქტის "დიპლომატიური მოგვარება ერთადერთი გზაა". "ახლა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების შინ დაბრუნების დროა”, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს მისი დასუსტება სურდა, მაგრამ ახლა ნატო უფრო ძლიერია მას მერე, რაც შეემატა ორი ახალი წევრი: ფინეთი და შვედეთი.

ბაიდენი თავის სიტყვაში მოკლედ შეეხო ირანის თემას და თქვა, რომ თეირანი რეგიონში თავის მოკავშირეებს უწევს მხარდაჭერას და “მსოფლიომ უნდა უზრუნველყოს, რომ ირანს არასოდეს, არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.”

ბაიდენი ასევე გამოვიდა სუდანში სამოქალაქო ომის შეწყვეტისკენ მოწოდებით, ილაპარაკა აშშ-ის გეგმაზე, მოერიოს კლიმატის ცვლილებას, ისაუბრა ასევე “მაიმუნის ყვავილთან” (Mpox) ბრძოლაზე.

ბაიდენმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ემხრობა “გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას და წევრობის გაფართოებას.” საბჭოს ახლა ჰყავს ვეტოს უფლების მქონე ხუთი მუდმივი წევრი, აშშ-ის და რუსეთის ჩათვლით, და 15 მორიგე წევრი.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, მსოფლიომ ერთად უნდა შეიმუშაოს ნორმები, რათა გადაილახოს “ხელოვნურ ინტელექტთან” დაკავშირებული გამოწევები. ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ სახელმწიფოები ერთად იმუშავებენ.

თავისი გამოსვლის ბოლოს, ბაიდენმა დამსწრეები დალოცა და ისურვა, რომ “ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG