ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი, რომელიც საქართველოში გამართულ წინასაარჩევნო ვიზიტს აფასებს, აცხადებს, რომ თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელიც 23-24 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, შემაჯამებელი კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა.
„ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება“, - განაცხადა იულიან ბულაიმ.
მისივე თქმით, ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, "ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით".
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები.
ის გამოხატავს შეშფოთებას "აგენტების კანონის" მიღების გამო და მის უარყოფით ზეგავლენაზე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ასევე საუბრობს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე, რომელიც „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.
"შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი“, - აცხადებს იულიან ბულაი.
ის კრიტიკულად საუბრობს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და მაღალ საარჩევნო ბარიერზე და აცხადებს, რომ გმობს საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებას, "რომელმაც შესაძლოა საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე". ბულაი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა.
ასევე ნახეთ რატომ ამოწმებს ანტიკორუფციული ბიურო „აირჩიე ევროპას“ და რატომ არის საშიში ეს პრეცედენტი?„ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
PACE-ს დელეგაცია მიესალმება ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვას, რის მეშვეობითაც არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება გახდება შესაძლებელი, "რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას". ამასთან, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, "ცესკო არა მარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც".
ასევე ნახეთ საია და "სამართლიანი არჩევნები" უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას"კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დასვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ“, - განაცხადა ბულაიმ.
ის საუბრობს ასევე პოლიტიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მედიაზე.
"ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე", - თქვა ბულაიმ, რომელიც მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, "თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა მაგალითად ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება".
"ეს სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - დაასკვნის ის.
ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი დელეგაცია, რომელიც 32 წევრისაგან შედგება, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის კენჭისყრაზე დასაკვირვებლად ეწვევა.
ასევე ნახეთ საქართველოში არჩევნებს ODIHR-ის 400-მდე მეთვალყურე დააკვირდებასაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.