შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 24 სექტემბერს ჯორჯიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე, ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა, რომ მათ აშშ უკრაინის ომში შეიყვანეს და ვეღარ გამოჰყავთ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამას გაუმკლავდება და მოლაპარაკებებს მიაღწევს.
„ბაიდენი ამბობს, არ წავალთ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მაგრამ რა იქნება, თუ ისინი(რუსეთი) გაიმარჯვებენ?!“ - მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს.
ასევე ნახეთ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში: მხოლოდ იძულებით შეიძლება მშვიდობაზე რუსეთი დაითანხმოამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის შესახებ ტრამპის პოზიციას. კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, პუტინი კიევში იჯდება და მზერა მიპყრობილი ექნება დანარჩენი ევროპისა და ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისკენ.
ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: "ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის”აშშ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში პირდაპირ ჩართული არ არის, თუმცა კიევს უწევს მასშტაბურ დახმარებას.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრამდე უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 55,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინისა და მისი თავისუფლების მხარდაჭერისკენ.